”მნიშვნელოვანია, საქართველოდან ქუვეითში ცხვრის ექსპორტი განახლდეს”

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გოჩა ცოფურაშვილი ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის წევრებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. "სოფლის მეურნეობის დარგი საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მაღალხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდა, საექსპორტო ბაზრების გაფართოება და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვა", - განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.

როგორც ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჰამად ალ-ჰარაშანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საქართველოდან ქუვეითში ცხვრის ექსპორტი განახლდეს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოდან ქუვეითში სასმელი წყლისა და იონჯას ექსპორტი ხორციელდება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის წევრები ქუვეითში ბიზნესმენებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოს საექსპორტო პოტენციალის შესახებ, რაც თავის მხრივ, ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.