ანა ნაცვლიშვილი - შრომის არათანაბარი განაწილება, გენდერული სახელფასო სხვაობა, ძალადობა და სტიგმა, ქალებს ხელს უშლით საზოგადოებას თავიანთი სამეწარმეო პოტენციალი დაანახონ

პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, სამუშაო ჯგუფთან ერთად პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში ჩატარებული თემატური მოკვლევის - “ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე” შედეგებს წარადგენს.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, მოკვლევამ გამოავლინა, რომ მეწარმე ქალების პრობლემების დასაძლევად სისტემური მიდგომაა საჭირო და სახელმწიფოს მიდგომა საკმაოდ ფრაგმენტულია. მისივე თქმით, შრომის არათანაბარი განაწილება, გენდერული სახელფასო სხვაობა, ძალადობა და სტიგმა ერთად, ქალებს ხელს უშლით საზოგადოებას თავიანთი სამეწარმეო პოტენციალი დაანახონ.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც თემატურ მოკვლევას ოპოზიციონერი დეპუტატი ხელმძღვანელობდა.

“დღეს მწერალთა სახლში პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში ჩატარებული თემატური მოკვლების - “ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე” პრეზენტაცია გაიმართება. საქართველოს პარლამენტში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თემატურ მოკვლევას ოპოზიციონერი დეპუტატი ხელმძღვანელობდა. გუნდი ოთხი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატებს აერთიანებდა. შევისწავლეთ ის პრობლემები, რაც საქართველოში მეწარმე ქალებს აქვთ. განვიხილეთ, ბიზნესის დასაწყებად ან გასავითარებლად ფინანსებზე წვდომის კუთხით, რა ბარიერებს აწყდებიან.

მოკვლევამ გამოავლინა, რომ ამ პრობლემების დასაძლევად სისტემური მიდგომაა საჭირო. სახელმწიფოს მიდგომა საკმაოდ ფრაგმენტულია. მათ არ აქვთ ხედვა იმისა, თუ როგორ შეუწყონ ქალ მეწარმეებს ხელი. ამის გამოსასწორებლად, მათ დასჭირდებათ იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც მოკვლევის ჯგუფის წარმომადგენლებმა ერთად შევიმუშავეთ და რასაც დღეს დაინტერესებულ საზოგადოებას გავაცნობთ.

ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. ჩვენ ვხედავთ შრომის არათანაბარ დანაწილებას, ასევე, დიდ სახელფასო სხვაობას გენდერის მიხედვით. ჯერ კიდევ ძლიერია ძალადობა, სტიგმა. ეს ყველაფერი ერთობლივად, ქალებს ხელს უშლის, რომ საზოგადოებას თავიანთი სამეწარმეო პოტენციალი დაანახონ.

არაერთი ქვეყნის მაგალითი აჩვენებს, რომ ეკონომიკაში ქალების აქტიური ჩართულობა არა მხოლოდ მათთვის და მათი ოჯახებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ საზოგადოების კეთილდღეობისთვისაც”, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.