გერმანიაში სამრეწველო სექტორში დასაქმებულები 4-დღიან სამუშაო კვირას ითხოვენ

გერმანიის მეტალურგიული და ელექტრომრეწველობის პროფკავშირის, IG-Metall-ის ხელმძღვანელი, იორგ ჰოფმანი სამრეწველო კომპანიებში ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღებას მოითხოვს. ამის შესახებ პროფკავშირის ხელმძღვანელმა გაზეთ Bild am Sonntag-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, ოთხდღიანი სამუშაო კვირა უპირველესად იმ პროფესიებისთვის უნდა დაწესდეს, რომლითაც სახლიდან მუშაობა შეუძლებელია. ასეთი არის სამშენებლო მოედნები და ცვლაში მუშაობა.

ამჟამად მეტალურგიულ და ელექტრომრეწველობაში სამუშაო კვირა 35 საათია. კერძოდ, ფოლადის მრეწველობაში მუშები კვირაში 33,6-საათიან ცვლაში მუშაობენ, ხოლო კვირის სამუშაო საათების შესამცირებლად ისინი მთელი წლის განმავლობაში დამატებით 13 ცვლაში მუშაობენ. ამდენად, იორგ ჰოფმანი მიიჩნევს, რომ 32-საათიან ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა შესაძლებელია, რაც პროდუქტიულობასა და შრომით დაკმაყოფილებას, პირიქით, გააუმჯობესებს.

ჰოფმანი დარწმუნებულია, რომ სამუშაო საათების ასეთი მოდელი გერმანიაში არსებული კვალიფიციური კადრების დეფიციტის ფონზე დამატებითი პრობლემა არ გახდება. პირიქით, სამუშაოს მოცულობა შესაძლოა, გაიზარდოს კიდეც. ამასთან, ოთხდღიანი, ანუ 32-საათიანი სამუშაო კვირა ბევრ ქალს სრულ განაკვეთზე დაბრუნების საშუალებას მისცემს, რადგან „ეს მოდელი ოჯახებზეა მორგებული.“

გერმანიის დამსაქმებელთა ასოციაცია მსგავს ინიციატივას ეწინააღმდეგება. თუმცა მისმა წარმომადგენელმა, შტეფენ კამპეტერმა Bild am Sonntag-ს განუცხადა, რომ ასოციაცია ოთხდღიან სამუშაო კვირის იმ მოდელს ემხრობა, რომლითაც საათების რაოდენობა იგივე რჩება. მისი თქმით, თუ შესაძლებელია კვირაში 39 საათის ოთხ დღეზე გადანაწილება, ეს მისაღებია, რადგან ასოციაცია სამუშაო დროის შესახებ უფრო მოქნილ კანონმდებლობას ემხრობა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ