ვის ეკუთნის კომპანიები, რომლებსაც საქართველოში ხახვი შემოაქვთ

თბილისის სასურსათო თუ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში 1 კილოგრამი ხახვის ფასი 5-8 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ზოგიერთ სავაჭრო დაწესებულებაში ხახვი საერთოდ დეფიციტშია. მიუხედავად იმისა, რომ ხახვის გაძვირება მხოლოდ გასულ კვირას იქცა განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად სოციალურ ქსელებში, ხახვის გაძვირება ბოლო თვეების ტენდენციაა, კერძოდ, მარტში ხახვი 110%-ით იყო გაძვირებული.

მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველომ 2.7 მლნ აშშ დოლარის 7 220 ტონა ხახვი იყიდა, რაც თითქმის არ განსხვავდება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემისგან, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 2.4 მლნ აშშ დოლარის 7 744 ტონა პროდუქტი შემოვიდა. თუმცა 3-თვიან მაჩვენებელთან შედარებით, მკვეთრად არის შემცირებული იმპორტი მარტში. გასულ თვეში საქართველოში 347.9 ათასი აშშ დოლარის 919.7 ტონა ხახვი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ თვეში კი, 1.03 მლნ აშშ დოლარის 3 379 ტონა. შედეგად გამოდის, რომ რაოდენობრივად მარტში ხახვის იმპორტი თითქმის 73%-ით შემცირდა.

იმპორტიორი ქვეყნები კი არიან: რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ეგვიპტე და ნიდერლანდები.

,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, ვის ეკუთნის 5 კომპანია, რომლებმაც წელს საქართველოში, ყველაზე დიდი რაოდენობით ხახვის იმპორტი განახორციელეს:

  • ინდ მეწარმე მერაბი აბესლამიძე
  • შპს აგრო 2022 - წილის 100%-ის მფლობელი ჯამბულა ბაირამოვია
  • შპს ოლლ ინ ვან - კომპანიის ერთადერთი მფლობელი მთალეხ ნამაზოვია
  • შპს ონურ - წილის 100% ისქანდარ მამედოვს ეკუთნის
  • შპს ფრუიტი - ამ შემთხვევაში კომპანიის 100%-ის მფლობელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმაგი მოქალაქე ზვიადი კუზიბაბაშვილია ინფორმაციისთვის, მონაცემების წყარო, სტატისტიკის სამსახური, იმპორტიორთა რეიტინგს შემთხვევითობის პრინციპით ალაგებს.

თამარ მუკბანიანი