მუნიციპალური განვითარების ფონდში 1.8 მლნ ლარის დარიცხულ სახელფასო სარგოზე, ვერ ხდება „სპეციალისტის“ თანამდებობის ზუსტი იდენტიფიცირება - აუდიტი

„მუნიციპალური განვითარების ფონდში 1.8 მლნ ლარის დარიცხულ სახელფასო სარგოზე, ვერ ხდება „სპეციალისტის“ თანამდებობის ზუსტი იდენტიფიცირება,“ - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

გარდა ამისა, აუდიტის თანახმად, 2021 წელს ფონდის მიერ ზედმეტად დარიცხულია 9 275 ლარის ფულადი ჯილდო და დანამატი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას.

„სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდში მთავრობის განკარგულებით განისაზღვრა საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი, სადაც მოცემულია შტატით გათვალისწინებული თანამდებობების დასახელება, რაოდენობა და შესაბამისი თანამდებობრივი სარგო. ფონდში მთავრობის განკარგულების საფუძველზე დამატებით არ მტკიცდება დეტალური საშტატო ნუსხა, სადაც მითითებული იქნებოდა შესაბამისი დეპარტამენტები და თანამშრომელთა თანამდებობები.

ფონდის შრომის ანაზღაურების უწყისებში ასახული თანამდებობები ზოგიერთ შემთხვევაში არ შეესაბამება მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ თანამდებობებს. კერძოდ, 2021 წელს ფონდის ჯამურად დარიცხულმა სახელფასო სარგომ შეადგინა 3 559 669 ლარი. აქედან, 1 874 376 ლარის დარიცხულ სახელფასო სარგოზე, ვერ ხდება „სპეციალისტის“ თანამდებობის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო 624 134 ლარის დარიცხულ თანხაზე თანამდებობა არ შეესაბამება განკარგულებით განსაზღვრულს.

ასევე, საჯარო დაწესებულებაში სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი თანამდებობისათვის/პოზიციისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს 1 თვის ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატის ოდენობა − თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს. ფონდში 2021 წელს დარღვეულია კანონის მოთხოვნა და „სპეციალისტის“ თანამდებობაზე მომუშავე თანამშრომელზე ზედმეტად დარიცხულია 2 400 ლარის დანამატი, რაც ექვემდებარება დაბრუნებას.

საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს. ფონდში 2021 წელს დარღვეულია კანონის მოთხოვნა და ხუთ თანამშრომელზე ზედმეტად დარიცხულია 6 875 ლარის ფულადი ჯილდო, რაც ასევე ექვემდებარება დაბრუნებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფონდის მიერ ზედმეტად დარიცხულია 9 275 ლარის ფულადი ჯილდო და დანამატი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას,“- აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

თაია არდოტელი