სასოფლო-სამეურნეო საკონსულტაციო სისტემების განვითარების მხარდამჭერი დეკლარაცია გაფორმდა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სომხეთის, ბელორუსის, მოლდოვასა და უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ხელი მოაწერა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში სოფლისა და სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სისტემების განვითარების მხარდამჭერ ერთობლივ დეკლარაციას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დეკლარაცია ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, საშუალო და მცირე ბიზნესის, საკონსულტაციო ცენტრების განვითარების მხარდაჭერას გულისხმობს. "დღეს ხელი მოეწერა თანამშრომლობის დეკლარაციას, რომელიც ბელორუსს, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და სომხეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უზრუნველყოფს. უმნიშვნელოვანესია, რომ აღნიშნულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ხელს უწყობს ლატვია, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც დეკლარაციაშია გაცხადებული, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირველი პირები თანხმდებიან, რომ სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სისტემების განვითარება პრიორიტეტულია, რადგან ხელს უწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას, უწყვეტ განათლებას, პროფესიონალურ ექსპერტიზას, რაც, შედეგად, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირი კვლავ გააგრძელებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას; ხელს შეუწყობს განვითარებაზე ორიენტირებული რეფორმების განხორციელებას და საკონსულტაციო სისტემის მოდერნიზაციას.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მომავალში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სოფლის მეურნეობის დარგში ინსტიტუციურ განვითარებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას.

ქალაქ რიგაში, ლატვიის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, დეკლარაციას ხელი მოაწერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ალექსეი პავლენკომ, მოლდოვას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჯონ სულამ, სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ არმენ არუთუნიანმა და ბელორუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლეონიდ მარინიჩმა. ხელმოწერის ცერემონიალს ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრი იანის დუკლავსი ესწრებოდა.