ფოთის მერის კაბინეტისთვის 4 939 ლარის ღირებულების ტელევიზორი შეიძინეს

ფოთის მერის კაბინეტისთვის 4 939 ლარის ღირებულების ტელევიზორია შეძენილი, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ამის შესახებ "ნაციონალური" მოძრაობის წარმომადგენლები საუბრობენ. მათი თქმით, როცა ქვეყანაში და მათ შორის ფოთში მძიმე სოციალური ფონია, პრემიერ-მინისტრი "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკას აცხადებს, მუნიციპალიტეტის ეს ქმედება გაუმართლებელია. "ერთჯერადი მატერიალური დახმარება მოხსნეს, ქალაქში არაფერი არ კეთდება, მთავრობა კომფორტისთვის ზრუნავს, ამ კონკრეტულ ფაქტს დადებითად ვერ შევაფასებთ",- აცხადებენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

საპასუხო განცხადებას აკეთებენ ფოთის მერიაში. იქ ირწმუნებიან, რომ ტელევიზორი მანამდეა შეძენილი, ვიდრე მთავრობა "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკაზე გადავიდოდა. "ამ ტელევიზორის დანიშნულება არის მხოლოდ ის, რომ მერმა თათბირებისა და სტუმრების მიღების დროს, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით პრეზენტაციები გააკეთოს. ეს არის საინფორმაციო დანიშნულების შენაძენი და არა კომფორტისთვის, მისი მონაცემებით არ არის ეს ძვირი",- აცხადებს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად შუბითიძე.