Deutschlandticket 49 ევროდ - გერმანიაში უნივერსალური სატრანსპორტო საშვი ამოქმედდა

გერმანიაში დღეიდან ე.წ. გერმანული ბილეთი (Deutschlandticket) ამოქმედდა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის უნივერსალური ყოველთვიური საშვია. მისი ღირებულება 49 ევროა. ინფორმაციას Deutsche Welle (DW) ავრცელებს.

უნივერსალური სამგზავრო ბარათი მხოლოდ ადგილობრივ და რეგიონულ ტრანსპორტზე ვრცელდება, როგორიც არის საქალაქო ავტობუსები, ტრამვაი, მეტრო, სამგზავრო მატარებლები და სხვა. ჩქაროსნულ მატარებლებსა და საქალაქთაშორისო ავტობუსებზე ცალკე გადასახადი მოქმედებს. გამონაკლისი მხოლოდ ბადენ-ვიურტემბერგის მხარეა, სადაც უნივერსალური საშვის მფლობელებს შტუტგარტსა და სინგენს შორის შეუძლიათ, ჩქაროსნული მატარებლებით ისარგებლონ, რადგან ამ ორ დასახლებულ პუნქტს შორის ეს მატარებელი ერთადერთი დამაკავშირებელი საშუალებაა.

კანცლერ ოლაფ შოლცმა გასულ კვირას, ბერლინში გამოსვლის დროს „გერმანულ ბილეთს“ გერმანიის საზოგადოების მოდერნიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, რის შემდეგაც მან სიმბოლურად დედაქალაქის ავტობუსით რეისზე წრე დაარტყა.

ბარათის რეალიზაცია გერმანიის რეგიონებს დაევალებათ. მანამდე, 2022 წლის ზაფხულიდან ქვეყანაში 9-ევროიანი ბარათი მოქმედებდა და მის ჩანაცვლებას უფრო ადრე ვარაუდობდნენ, თუმცა ფედერალურ და რეგიონალურ მთავრობებს შორის ორგანიზაციულ და დაფინანსების საკითხებზე დისკუსია თვეების განმავლობაში გაგრძელდა.

საბოლოოდ მიღებული კომპრომისის თანახმად, ბერლინი რეგიონებს 2025 წლამდე ყოველწლიურად 1,5 მლრდ ევროსა და დამატებით რეგიონულ სახსრებს გადასცემს, ხოლო რეგიონები, თავის მხრივ, 1,5 მლრდ ევროს გამოყოფენ. თუმცა ახალ სქემაზე ამ თანხაზე მეტ ხარჯს მოელიან, რასაც ფედერალური მთავრობა და რეგიონები პირველ წელს გაინაწილებენ, შემდეგ წლებში კი ერთობლივად შეაფასებენ.

9-ევროიანი ბარათით გერმანელებსაც და ტურისტებსაც ზაფხულში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა შეღავათიანი ტარიფით შეეძლოთ. მისი ამოქმედების პირველ დღეებში რეგიონული მატარებლები ბევრ მარშრუტზე გადაიტვირთა. იაფი საშვების პროგრამა გერმანიის მთავრობას 2,5 მლრდ ევროზე მეტი დაუჯდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ