რუსეთში ”სამების” გამოსახულებიანი iPhone-ი გამოუშვეს

იტალიურმა საიუველირო კომპანიამ Caviar-მა iPhone 6-ის ახალი, მოოქროვილი დიზაინი წარმოადგინა, რომლის უკანა პანელზე ანდრეი რუბლიოვის ”სამებაა” ამოტვიფრული.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, დიზაინის შექმნამდე იუველირებმა კონსულტაციები გაიარეს ექსპერტებთან, რომელთაც აღნიშნეს, რომ სმარტფონის უკანა პანელზე ”წმინდა სამების” გამოსახვა არ შეიცავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და შუღლის გაღვივების ნიშნებს.

მოოქროვილი სმარტფონის გაყიდვა უკვე დაიწყო რუსეთში, სადაც მსურველებს მისი შეძენა ონლაინ შეუძლიათ. iPhone 6 Credo-ს ღირებულება რუსეთში 157 ათასი რუბლია, რაც არსებული კურსით 3 ათას დოლარზე მეტია.

რამდენიმე ხნის წინ იტალიურმა საიუველირო ბრენდმა საკოლექციო სმარტფონი წარმოადგინა, რომელიც მეორე სამამულო ომის გამარჯვების 70 წლის იუბილეს მიუძღვნა.