გიორგი კვირიკაშვილი: ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2 პროცენტამდეა შესამცირებელი

დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2 პროცენტამდე შესამცირებელია, თუმცა ბიუჯეტის პარამეტრების კორექტირება ალბათ მეორე კვარტლის ბოლოს უფრო უპრიანი იქნებოდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცეტიდან 2 პროცენტამდე შეუმცირა.

"ჩვენ თვენახევრის წინ განვაცხადეთ, რომ პროგნოზს ვამცირებთ 5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე და არა მგონია, რომ ამაში სიახლე იყოს", - განაცხადა კვირიკაშვილმა. კითხვაზე, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ თებერვალი იყო ოპტიმისტური, ეს პროცესი შეჩერებულია -  ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი განცხადებაც ზუსტად ასეთი იყო.

"ზუსტად ჩემი განცხადებაც ასეთი იყო, რომ მეორე კვარტლის ბოლოს გაცილებით უფრო ნათელი სურათი გვექნება და პროგნოზი უფრო მაღალი ალბათობით შეიძლება გაკეთდეს. ამიტომ დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2 პროცენტამდეა შესამცირებელი ზრდის პროგნოზი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თვითონ ბიუჯეტის პარამეტრების კორექტირება ალბათ მეორე კვარტლის ბოლოს უფრო უპრიანი იქნებოდა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს უკვე ხარჯების კუთხით სერიოზული ოპტიმიზაცია უკვე გაკეთებულია. "თვითონ სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები, გაცილებით უფრო ეკონომიურად ხარჯავენ, განსაკუთრებით კი ადმინისტრაციული დანახარჯების კუთხით. რაც შეეხება კაპიტალდანახარჯებს და საინვესტიციო მიმართულებით ხარჯებს, აქ შემცირება არ გაგვიკეთებია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.