რა ეღირება სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები, რომლის წარმოებაც უკვე ოფიციალურად დაიწყო

სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების საწარმო უკვე ოფიციალურად გაიხსნა. როგორც კომპანია „აგრობადეს“ დამფუძნებელი ავთანდილ მაისურაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, აქამდე წარმოება სატესტო რეჟიმში მიმდინარეობდა, დღეიდან კი შეკვეთებზე მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყება.

მისივე თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ სავარაუდოდ, კომპანია მიწოდებით სრულად ჯერ ვერ დააკმაყოფილებს, შესაბამისად, რეგიონის მასშტაბით ექსპორტიც ამ ეტაპზე გამორიცხულია.

რაც შეეხება ღირებულებას, ავთანდილ მაისურაძის ინფორმაციით. 1 კვ.მ ბადის ღირებულება 1 -1,20 ლარი იქნება.

„უკვე ოფიციალურად გავიხსენით, სატესტო რეჟიმში ვიყავით აქამდე. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ძალიან დიდია და მიწოდებით სრულად ჯერ ვერ დავაკმაყოფილებთ, შესაბამისად, ექსპორტზე ამ ეტაპზე ვერ გავალთ. მაგალითად, კახეთში და შიდა ქართლში დიდი შეკვეთები გვაქვს. კახეთში 300-400 ჰექტრის შეკვეთა უნდათ და ჩვენ შეგვიძლია დღეში 1 ჰექტრის წარმოება. ხომ ხვდებით, რა მასშტაბებზეა საუბარი.

ამ ეტაპზე დასაქმებულია 18 ადამიანი, რაც შეეხება ფასს, 1 კვ.მ -ის ღირებულება 1 – 1,20 ლარი იქნება, გააჩნია შეკვეთას“,- ამბობს ავთანდილ მაისურაძე.

მისივე ინფორმაციით, კომპანია მომავალში მზის საწინააღმდეგო ბადეების წარმოებასაც გეგმავს, რომელსაც სავარაუდოდ, 2 თვეში დაიწყებს.

ნინი ქეთელაური