საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აპრილში, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 103 ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აპრილში, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 6 658 კოლოფი (მათ შორის 12 აიქოსი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 103 ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.

„50 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით, სასამართლოს გადაეგზავნა.

1 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

52 ფაქტი არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად ჩაითვალა და ამოღების ოქმები შედგა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.