"თორის" ადგილას ახალი სასტუმროს "პარკ ინ ბაი რედისონი თბილისის" მშენებლობა დაიწყება

თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, სასტუმრო "თორის" ადგილას ახალი სასტუმროს "პარკ ინ ბაი რედისონი თბილისის" მშენებლობა დაიწყება.

შესაბამის ხელშეკრულებას დღეს, სასტუმრო "თორის" შენობაში ხელი მოაწერეს კომპანია "ბლოკ ინვესტის" გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა და "კარლსონ რეზიდორ ჯგუფის" წარმომადგენელმა, დარენ ბლანშარდმა. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს და სასტუმროს პროექტის პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ.

როგორც კომპანია "ბლოკ ინვესტის" წარმომადგენლები აცხადებენ, სასტუმრო "პარკ ინ ბაი რედისონი თბილისი" იქნება 200-ნომრიანი, 120 ადამიანზე გათვლილი რესტორნით, აქ იქნება ბარი, ლობი ბარი, საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრის ოთახები და 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი.  პროექტის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 25 მილიონ ამერიკულ დოლარს. მშენებლობის პროცესში დასაქმდება 600-ზე მეტი ადგილობრივი, ხოლო სასტუმროს გახსნის შემდეგ პერმანენტულად 200-ზე მეტი ადამიანი. სასტუმროს გაიხსნება 2017 წელს.

როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს არის ძალიან სასიხარულო ფაქტი, რომ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას და თბილისში გაიხსნება კიდევ ერთი "რედისონის" ბრენდის სასტუმრო, თუმცა არა ხუთვარსკვლავიანი, არამედ უფრო დაბალი ვარსკვლავების ნიშაში. რაც გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ძალიან მოთხოვნადია დღევანდელი ტურიზმის ბაზარზე.