ავიაკომპანია Emirates ერთპილოტიან და ხელოვნური ინტელექტის მქონე თვითმფრინავზე გადასვლის მომხრეა

ხელოვნური ინტელექტის განვითარება შესაძლებელს ხდის, სამგზავრო თვითმფრინავებმა მხოლოდ ერთი პილოტით იფრინონ. ამის შესახებ ავიაკომპანია Emirates-ის პრეზიდენტ ტიმ კლარკმა CNBC-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული დროის შემდეგ საავიაციო ინდუსტრიას შეუძლია, ხელოვნური ინტელექტით ისარგებლოს.

„რაკი ტექნოლოგიის მასშტაბები და ძალა სწრაფად იზრდება, ავიაციისთვის მნიშვნელოვანია, კომპრომისი დაუშვას და ის ცვლილებები დააფასოს, რისი მოტანაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია. ის უნდა გამოვიყენოთ და მისი არ უნდა გვეშინოდეს,“ - აცხადებს ტიმ კლარკი.

თუმცა, მისი შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის მქონე ერთპილოტიან თვითმფრინავში ჯდომა მგზავრებს სულაც არ იზიდავთ და მათ კაბინაში ორი ადამიანის ხილვა ურჩევნიათ. ამის მიუხედავად, კლარკის თქმით, ბიზნესმა, რომელიც დამოკიდებულია პროცესებსა და ხელით შრომაზე, „ასეთ ძლიერ ნოვაციებს“ დრო აუცილებლად უნდა დაუთმოს და გამოიკვლიოს, თუ რა შეუძლია გააკეთოს ამ ტექნოლოგიამ მუშაობის გასაუმჯობესებლად.

ავიაკომპანიის პრეზიდენტი სრულად უპილოტო სამგზავრო თვითმფრინავების გაჩენასაც შესაძლებლად მიიჩნევს, თუმცა მეტად დიდი ხნის შემდეგ. ტიმ კლარკი იმასაც ამბობს, რომ უპილოტო სამგზავრო თვითმფრინავებით ტრანსპორტირებას თავის სიცოცხლეში ვერ მოესწრება.

„შეუძლია თუ არა თვითმფრინავს სრულად ავტომატური ფრენა?! დიახ, შეუძლია და ტექნოლოგია ამის საშუალებას უკვე იძლევა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი კაბინაში ყოველთვის იქნება ვინმე,“ - აცხადებს კლარკი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ