წარჩინებული სტუდენტებისთვის პროგრამა „მწვანე სტიპენდიები“ გრძელდება

„მწვანე სტიპენდიების“ მოპოვების კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრებზე გააცნო.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ცნობით, „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამა, რომელსაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს, ხელს უწყობს გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციასა და წარჩინებული სტუდენტების წახალისებას. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, შესაბამის უწყებებში პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.

„საინფორმაციო შეხვედრები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

სტიპენდიები ვრცელდება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: გეოლოგია, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა (ჰიდროლოგია), ეკოლოგია, გარემოს დაცვა და საინჟინრო ეკოლოგია, ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება, ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება, კონსტრუქციული (გამოყენებითი) გეოგრაფია და გარემოს დაცვა, გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა.

2022 წელს 1500-ლარიანი „მწვანე სტიპენდია“ მაგისტრატურის 32 წარჩინებულ სტუდენტს გადაეცა.

„მწვანე სტიპენდიების” პროგრამა ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.