სვანეთში "რედისონ ბლუ მესტია" გაიხსნება

სვანეთში სასტუმრო "რედისონ ბლუ მესტია" გაიხსნება, - ამის შესახებ კომპანია "ბლოკ ინვესტის" გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე ჯანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, თბილისში სასტუმრო "შერატონის" მოპირდაპირე მხარეს იგეგმება კიდევ ერთი, 80 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა. "ბრენდთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაგვისრულებია. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. სასტუმრო იქნება "შერატონის" მოპირდაპირე მხარეს და მშენებლობას უახლოეს მომავალში დავიწყებთ", - განაცხადა ჯანაშვილმა.

რაც შეეხება სვანეთში სასტუმრო "რედისონ ბლუს", ჯანაშვილის თქმით, "რეზიდორ ჯგუფთან" შესაბამის მემორანდუმზე ხელი მოწერილია. "მესტიის ცენტრში არის სასტუმროს შენობა. მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი "რეზოდორ ჯგუფთან", რომ იქ "რედისონ ბლუს" სასტუმრო გავხსნათ. იქაც მიმდინარეობს პროექტირება და სხვა სამუშაოები. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე მაგ სასტუმროსაც გავხსნით", - აღნიშნა ჯანაშვილმა.

მისივე თქმით, "რედისონ ბლუ მესტიის" ჯამური ინვესტიციის მოცულობა 10 მილიონი დოლარი იქნება, სადაც განთავსდება 72 სასტუმრო ოთახი.