ამერიკის სავაჭრო პალატა ბიზნესისა და ბიზნესმენების მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ამერიკის სავაჭრო პალატა ბიზნესისა და ბიზნესმენების მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის სავაჭრო პალატის განცხადებაში.  "ამერიკის სავაჭრო პალატა შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტზე, რომ ამ ბოლო დროს ზოგიერთი მედია საშუალების მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება ქართული ბიზნესისა და ბიზნესმენების მიმართ ყოვლად უსაფუძვლო და დაუმსახურებელი ბრალდებები, რასაც, სამწუხაროდ, არ მოჰყვება ადექვატური იურიდიული ზომები - იმის გამო, რომ შემუშავებული არაა სათანადო ეფექტური კანონმდებლობა ცილისწამების წინააღმდეგ.  ამის ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითია ყოვლად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებები ამერიკის სავაჭრო პალატის დიდი ხნის და თვალსაჩინო წევრის, "თიბისი ჯგუფისა" და მისი დამფუძნებლების მიმართ. ასეთი მდგომარეობა მიუღებელი და შეუთავსებელია კანონის უზენაესობასა და საერთაშორისო იურისპრუდენციის სტანდარტებთან. თუკი არ განხორციელდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და არ იქნა მიღებული სათანადო სასამართლო გადაწყვეტილებები, შედეგად შესაძლოა საგრძნობი ზიანი მიადგეს არა მხოლოდ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი ბიზნესის და მისი წარმმართველ ადამიანების რეპუტაციას, არამედ საქართველოს, როგორც ბიზნესისათვის უსაფრთხო და სტაბილური ქვეყნის, საერთაშორისო იმიჯს", - ნათქვამია განცხადებაში.