ისაუბრე იმაზე, რისიც თავად გჯერა - გუგა სუხიაშვილი, საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული და ჟიურის წევრი

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და ინოვაციური, განათლებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსი წელს 25-ედ გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა 120-მა ახალგაზრდამ მიიღო, რომელთაგან ნახევარფინალში 30 გამორჩეული ესსეს ავტორი გადავიდა. ჟიურიმ მათგან 11 საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტი შეარჩია, რომელთაგან ფინალურ ეტაპზე 3 გამარჯვებული გამოავლინა.

ჟიურის ერთ-ერთი წევრი გუგა სუხიაშვილი თავად იყო კონკურსის 2016 წლის გამარჯვებული. დღეს კი ის საქართველოს ბანკში ეჯაილ ქოუჩის პოზიციას იკავებს.

„ბოლო წლების განმავლობაში კონკურსთან მუდმივი შეხება მქონდა და წლიდან წლამდე თვალნათლივ ვხედავდი, თუ როგორ იზრდებოდა მისი მასშტაბი. წელს ჩემი კონკურსში ჩართულობა უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რადგან ამ პროცესს განსხვავებულ ამპლუაში შევუერთდი. ამასთან, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მხრიდან ინტერესის ზრდის პარალელურად მომეცა შესაძლებლობა, მომესმინა კიდევ უფრო ბევრი, ძალიან საინტერესო ახალგაზრდისთვის, რამაც კონკურსი უფრო მეტად განსხვავებულ და უნიკალურ გამოცდილებად აქცია“, - აღნიშნავს გუგა.

ამბობს, რომ ჟიურის ამპლუაში ყოფნა ბევრად უფრო საპასუხისმგებლო საქმე აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ მონაწილედ ყოფნა, რადგან ამ შემთხვევაში არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მთელ კონკურსზე ახდენ ზეგავლენას.

„პირველად როცა კონკურსზე სიტყვით გამოვედი, არ მეგონა თუ ოდესმე მაგიდის მეორე მხრიდან ყოფნის შესაძლებლობა მექნებოდა. თუმცა, ვეცადე, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად გამომეყენებინა და, ამავდროულად, ობიექტურობა არ დამეკარგა“, - განმარტავს გუგა.

იხსენებს, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება სწორედ კონკურსის ხასიათმა გადააწყვეტინა - შესაძლებლობამ, ერთ, საერთო საკითხზე, განსხვავებული კულტურული გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის მოესმინა და გაცნობოდა მათ მსოფლმხედველობას.

„როდესაც კონკურსის შესახებ ინტერნეტში სტატიას გადავეყარე, პირველი ფიქრი რაც გამიჩნდა, იყო ის, თუ რა საინტერესო იქნებოდა ხუთი წუთის განმავლობაში, ერთსა და იმავე პირობებში, ერთსა და იმავე საკითხზე განსხვავებული პოზიციების მოსმენა. ამავდროულად, ჩავთვალე, რომ მეც მქონდა სათქმელი და მომინდა, ჩემი აზრები უფრო ფართო აუდიტორიისთვის გამეზიარებინა“, - ამბობს გუგა.

ასე დაიწყო კონკურსისათვის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც ძალისხმევასთან და კვლევასთან ერთად, კრეატიულობასაც მოითხოვდა. ამბობს, რომ თავდაპირველად გადაწყვიტა, მოეძიებინა კარგი მაგალითები კულტურიდან თუ ლიტერატურიდან და მათზე დაყრდნობით შეედგინა სიტყვა. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ თუ ამ გზას გაჰყვებოდა, მისი გამოსვლა სხვა კონკურსანტების გამოსვლას დაემსგავსებოდა.

„გადავწყვიტე, ჩემი სიტყვა პირადი გამოცდილებების გარშემო ამეწყო. კარგად ვიცოდი, რომ სხვის გემოვნებას ვერ გამოვიცნობდი, ამიტომ ისეთი ტექსტი დავწერე, რომელიც მე მომეწონებოდა - შესაბამისად, გამოსვლა სრულად ჩემს ბავშვობაზე და ბავშვობის საყვარელ სუპერგმირზე დავაფუძნე. საბოლოოდ, მივაღწიე მთავარ მიზანს - ჩემი სიტყვით გამოსვლის ტექსტი ჩემ პიროვნებასთან კარგად რეზონირებდა“, - აღნიშნავს გუგა.

ასე გახდა გუგა საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული და დაიწყო მზადება ლონდონში, საერთაშორისო ტურში ასპარეზობისთვის. გვიყვება, რომ კონკურსში მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებას ჰგავდა, სადაც მონაწილეები სპეციალურ მომზადებას გადიოდნენ და მთელ ძალისხმევას ხუთ წუთიან გამოსვლაში დებდნენ.

„ერთი შეხედვით რთულია იმ მასშტაბის და ტრადიციის დანახვა, რომელიც ამ კონკურსს აქვს. მსოფლიო ჩემპიონატის გაგონებაზე პირველი ასოციაცია ყოველთვის სპორტია, რომელთანაც ეს კონკურსი ბევრ საერთოს იზიარებს - აქაც სისწრაფეს, სწორ სტრატეგიას და დიდ შრომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირველად ეს ყველაფერი, ალბათ, უკვე ლონდონში გავიაზრე, როდესაც დავინახე, რომ მონაწილეების უმრავლესობა მწვრთნელებით იყო წარმოდგენილი. კონკურსის დაწყებამდე მონაწილეები ვოკალურ სავარჯიშოებს აკეთებდნენ, სარკესთან სიტყვებს იმეორებდნენ და მათ მწვრთნელები ამხნევებდნენ. ამან კიდევ ერთხელ დამანახა თუ რა დიდი შრომა და გზა იყო გამოვლილი თითოეული ინდივიდის უკან“, - აღნიშნავს გუგა.

ამბობს, რომ კონკურსის ფარგლებში მას თავდაჯერებულობას საკუთარი სიტყვა მატებდა, რადგან იცოდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო შეჯიბრი, ის მაინც კმაყოფილი დარჩებოდა.

„ჩემი მთავარი სიძლიერე ისევ ის იყო, რომ საკმაოდ უნიკალური სიტყვა მქონდა, რომელიც მე ძალიან მომწონდა. განსაკუთრებით არ ვნერვიულობდი, ვიცოდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემი თავით კმაყოფილი ვიქნებოდი. ამ შემთხვევაში სტრატეგიამ გაამართლა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ უმეტესი ქვეყნის წარმომადგენელს მსგავსი მაგალითები ქონდათ წარმოდგენილი, რის გამოც ჩემი სიტყვა კიდევ უფრო უნიკალური გამოჩნდა“, - იხსენებს გუგა.

შედეგად, ის საუკეთესო თხუთმეტეულში მოხვდა. თუმცა, როგორც ამბობს, ეს გამოცდილება მისთვის ცხოვრებისეულ გაკვეთილად იქცა.

„ამ მომენტში პირველად დავიწყე ნერვიულობა, ნახევარფინალი იმპროვიზაციის რაუნდი იყო და ჩემი მაშინდელი გულუბრყვილობით, არ მქონდა გათვლილი რომ აქამდე მოვიდოდი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გამოვეთიშე კონკურსს. თუმცა, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილი ვისწავლე - სჯობს გადააფასო შენი შესაძლებლობები, ვიდრე საკმარისად არ დააფასო ისინი“, - აღნიშნავს ის.

გუგა თითოეულ ახალგაზრდას ურჩევს, დაიჯერონ საკუთარი თავის, საკუთარი სათქმელის... შედეგად კი დაინახავენ, რომ „თუ ისაუბრებ იმაზე, რისიც გჯერა, მეორე ნომერი ვერასოდეს იქნები“.

წლევანდელ კონკურსში ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში გუგაც იყო, 11 ფინალისტიდან 3 საპრიზო ადგილის მფლობელი გამოავლინა, რომელთაგან გამარჯვებული ელენე გურეშიძე გახდა. ელენე 8 მაისს ლონდონში, საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება, სადაც ის საქართველოს წარადგენს.

(R)