ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთება დამატებით 38 სოფელშია შესაძლებელი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, დღევანდელ საჯარო სხდომაზე ცვლილებები შეიტანა "გაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალის შესახებ" კომისიის 2014 წლის 31 ოქტომბრის #43/1 გადაწყვეტილებაში.

სემეკის ინფორმაციით, ცვლილების შესაბამისად, გაზიფიცირებული პუნქტების ჩამონათვალს 38 სოფელი დაემატა და ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა ამ ეტაპზე 607 დასახლებულ პუნქტს შეეძლება. ინფორმაცია გაზიფიცირებული დასახლებების ჩამონათვალის შესახებ განთავსებულია კომისიის ვებ გვერდზე.

ახალდამატებული 38 სოფლის ჩამონათვალია: კახეთის რაიონის სოფლები - კისისხევი, შალაური, კურდღელაური, წინანდალი, ქვემო მაჩხანი, ხირსა, ულიანოვკა; იმერეთის რაიონის სოფელი ქვიტირი; მცხეთა-თიანეთის რაიონის სოფლები - პირმისაანი, ვარსიმაანი, მებაღეობა (სტანდარტები ვარდები); ბენიან-ბეგონი, იუხო, სვიანა-როსტიანი, წკერე, სელექცია; სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხურჩა;

ქვემო ქართლის რაიონის სოფლები - ენაგეთი, დამია გეურარხი, თაქალო; შიდა ქართლის რაიონის სოფლები - ხვითი, თვაურები, გორაკა, ფერმა, ოკამი, ფცა, ქვემო შაქშაქეთი. ბროწლეთი, ქვემო ჭალა; ახაუბანი, დიცი, ერგნეთი; წაღვლი, ყობი, კავთისხევი, თვალადი, ჩონჩხა; სამცხე-ჯავახეთის რაიონის სოფელი დამალა.

სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, 2014 წლის 5 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა გაზიფიცირებულ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების 400 ლარიანი საფასური, გაზგამანაწილებელ კომპანიებში მოქალაქეთა მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა. ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირებასთან ერთად, კომისიამ მოქალაქეებისათვის გამარტივებული პროცედურები შეიმუშავა. კერძოდ, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის განისაზღვრა ქსელზე მიერთების ვადები და პროცედურები, კომპანიისა და მომხმარებლების ვალდებულებები. კომპანიის მხრიდან ქსელზე მიერთების ვადების დარღვევის შემთხვევაში ამოქმედდა კომპენსირება, რაც გულისხმობს იმას, რომ, თუ კომპანიამ არ განახორციელა ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება განსაზღვრულ ვადებში (0–6 კუბ.მ/სთ სიმძლავრეზე მიერთების ვადა განისაზღვრება 40 სამუშაო დღით), ასეთ შემთხვევაში მიერთების საფასური ნახევრდება.

გამანაწილებელ ქსელებზე მიერთებასთან დაკავშირებით კომისიის ვებ გვერდზე კალკულატორიც ამოქმედდა. კალკულატორი იძლევა საშუალებას, მოქალაქეებმა აირჩიონ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების პაკეტები. გამოიანგარიშონ მომსახურების საფასური და შესაბამისი სამუშაოებისათვის განსაზღვრული ვადები.