იმპორტირებული პომიდორი საქართველოში მინიმუმ 200%-იანი ფასნამატით იყიდება

2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 3 229 250 აშშ დოლარის ღირებულების 7 568 ტონა პომიდორი შემოვიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანამ 1 586 970 აშშ დოლარის 4 356 ტონა პომიდორი იყიდა.

„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, სად და რა ფასად ყიდულობს ქვეყანა პროდუქტს:

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, პომიდორის ძირითადი იმპორტიორი წელს თურქეთია, სადაც საქართველომ 3 136 470 აშშ დოლარის ღირებულების 7 382 ტონა პომიდორი იყიდა.

შედარებით მცირე რაოდენობით ექსპორტი განხორციელდა ასევე შემდეგი ქვეყნებიდან:

  • ირანი - 70 740 აშშ დოლარი (154 ტონა);
  • ეგვიპტე - 13 130 აშშ დოლარი (9 ტონა);
  • სირია - 8 910 აშშ დოლარი (23 ტონა).

მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში საქართველომ 1 კგ. პომიდორი საშუალოდ 0,43 დოლარად იყიდა, რაც დაახლოებით 1-1.10 ლარის ფარგლებშია. საქართველოში კი მომხმარებლებს პროდუქტის შეძენა განსხვავებულ ფასად შეუძლიათ. პროდუქტის ღირებულება დამოკიდებული და განსხვავებულია პროდუქტის ხარისხის, ასევე იმის მიხედვით, თუ რომელ სავაჭრო ობიექტში შეიძენთ, თუმცა საშუალოდ პომიდორის ღირებულება 3 ლარიდან - 6 ლარამდე მერყეობს (არ ვიცით რა წილი მოდის აქედან ლოგისტიკურ ხარჯებზე). შედარებით კიდევ უფრო ძვირია ადგილობრივად სათბურებში წარმოებული პომიდორი, რომელიც იაფ იმპორტს კონკურენციას ვერ უწევს.

შესაბამისად, ყველაზე მინიმალური ღირებულების აღების შემთხვევაში, გამოდის, რომ იმპორტირებული პომიდორი საქართველოში მინიმუმ 200%-იანი ფასნამატით იყიდება.

თაია არდოტელი