მთავრობამ ზემო სამგორის ირიგაციის პროექტისთვის 40 მლნ ევრო ისესხა - პროექტისთვის კიდევ 35 მლნ კრედიტის აღება იგეგმება

პარლამენტმა საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა. 83 ხმით ევროპისგან ზემო სამგორის ირიგაციის პროექტისთვის ქვეყანამ 40 მლნ ევრო ისესხა.

3 მაისს მიღებული გადაწყვეტილების განმარტებითი ბარათით ირკვევა, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ზემო-სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია.

,,საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის პროექტის" ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) გამოთქვა მზადყოფნა სესხის სახით საქართველოს გამოუყოს 40 მლნ ევრო, რომელიც გაიყოფა ორ ნაწილად. 20 მლნ ევრო ხელმისაწვდომი გახდება აღნიშნული ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო დანარჩენი 20 მლნ ევროს მისაღებად მხარეებს შორის დამატებით გაფორმდება ფინანსური ხელშეკრულება" - წერია განმარტებით ბარათში.

სესხის დაფარვის ვადა კი, არაუმეტეს 20 წელია.

პროექტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შპს საქართველოს მელიორაციის მეშვეობით განახორციელებს. პროექტის განხორციელების ფარგლები 2023-2028 წლებია.

ამასთან, აღნიშნული პროექტის თანადაფინანსებისთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან სავარაუდოდ გამოყოფილი იქნება 35 მლნ ევრო სესხის სახით და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის გრანტი 10 მლნ ევრო.

ინფორმაციისთვის, იმავე დღეს, საქართველომ თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტისთვის 50.6 მლნ EBRD-ისგან ისესხა.

თამარ მუკბანიანი