საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უნივერსიტეტებს ორ ახალ პროგრამას წარუდგენს

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, დღეს, სასტუმროში Holiday Inn უნივერსიტეტებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე წარდგენილი იქნება სააგენტოს ორი ახალი პროგრამა: საქართველოს სტარტაპ აქსელერატორის ქსელის შექმნა; ჰაკათონის ტიპის ღონისძიებების საგრანტო კონკურსი.

სააგენტოს ხელშეწყობით დაგეგმილია უნივერსიტეტებისათვის შესაბამისი მოდელის დანერგვაში დახმარების აღმოჩენა, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტებს, განავითარონ საკუთარი ბიზნეს-ინიციატივები. სტარტ-აპ აქსელერატორები წარმოადგენენ სივრცეს, სადაც სტუდენტები საკუთარი კომპანიების შექმნას და განვითარებას შეძლებენ, მიიღებენ აღნიშნული პროცესის განხორციელებისათვის შესაბამის ცოდნას და კონსულტაციებს, განახორციელებენ სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტებთან ინტერდისციპლინარულ თანამშრომლობას პერსპექტიული ბიზნეს პროექტების დასაწყებად.

სააგენტო თითოეული აქსელერატორის მდგრადი მუშაობის ხელშეწყობას განახორციელებს, უზრუნველყოფს ყველა აქსელერატორის ერთიან პარტნიორულ ქსელში გაწევრიანებას მათი ურთიერთთანამშრომლობის განსავითარებლად. ჰაკათონის ტიპის ღონისძიებების საგრანტო კონკურსი კი განკუთვნილია ნებისმიერი იმ ფიზიკური პირის თუ არაკომერციული ორგანიზაციისათვის, რომელსაც სურვილი აქვს, ხელი შეუწყოს ახალი ტექნოლოგიური პროდუქტებისა და დამწყები კომპანიების გაჩენას.