თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე მერიის დაქვემდებარებაში გადადის

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე თბილისის მერიის დაქვემდებარებაში გადადის.

როგორც სასახლის ადმინისტრაციაში განაცხადეს, აქამდე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში იყო, რაც არასწორი და შეუთავსებელია. ამ საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. "ერთის დაქვემდებარებიდან მეორეს დაქვემდებარებაში გადასვლა ამ დროისთვის მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. თუ დღეს დამტკიცდება საკითხი, შეიცვლება კანცელარია, შეიცვლება გერბი და ყველა ტექნიკური საკითხის მოგვარების შემდეგ გადავალთ მერიის დაქვემდებარებაში", - აცხადებენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში.

მათივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია გაიზრდება თუ არა დაფინანსება. "ჩვენთვის არავის უთქვამს ძალიან მწირი დაფინანსების გაზრდაზე, ან რაიმე მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. იმედია, ამ მიმართულებით წინსვლა გვექნება", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.