ნავთობის გაძვირება დროებითია და მალე ისევ გაიაფდება

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ძვირდება.

გუშინ "ბრენტის" ტიპის ბენზინზე ფასმა 62 დოლარს გადააჭარბა. ეს ბოლო 4 თვის უმაღლესი ფასია. ანალიტიკოსთა პროგნოზით, "შავ ოქროზე" ფასის ზრდა დროებითია და სამომავლოდ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირანი ნავთობის ბაზარზე სრულფასოვნად დაბრუნდება, ნავთობი ისევ გაიაფდება.

რამდენიმეთვიანი კლების შემდეგ მსოფლიოში ნავთობმა გაძვირება ისევ დაიწყო. გუშინ "ბრენტის" ტიპის საწვავი 62,44 დოლარი ღირდა. გაძვირდა ოპეკის "კალათაც". 15 აპრილის მონაცემებით, შეწონილმა ფასმა 57 დოლარს გადააჭარბა. ნავთობის ფასის ზრდას საერთაშორისო მედია ირანის ნავთობის მინისტრის მოწოდებას უკავშირებს. ორიოდე დღის წინ ბინჯან ნამდარ ზანგანემ "ოპეკის" წევრ ქვეყნებს ნავთობის მოპოვების შემცირებისკენ მოუწოდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ ნავთობის მოპოვება ქვეყნებმა როგორც მინიმუმ 5%-ით შეამცირონ.

შემცირებაზე განცხადება გასულ კვირას "ოპეკში" ლიბანის წარმომადგენელმაც გააკეთა. სამილ კამალზამ ირანის ნავთობის შესაძლო ექსპორტირების გათვალისწინებით, ქვეყნებს დღე-ღამეში ნავთობის 800 ათას ბარელამდე შემცირებისკენ მოუწოდა. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ "ოპეკის" წევრი ქვეყნები და შეამცირებენ თუ არა ნავთობის მოპოვებას, ეს ორგანიზაციის მომავალ სხდომაზე გადაწყდება. საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის აზრით, შესაძლოა, ირანისა და ლიბანის პოზიცია სხვა ქვეყნებმა არ გაითვალისწინონ.

"ადრე, როდესაც საუბარი იყო მოპოვების კვოტირების შემცირებაზე, საუდის არაბეთი წავიდა წინააღმდეგი, რამაც ნავთობის ფასი კიდევ უფრო დაბლა დასწია. წლებია "ოპეკში" ზოგი ქვეყანა ლობირებს იმას, რომ მოპოვება შემცირდეს, მაგრამ დღემდე ეს ვერ მოხერხდა. მიიღებს თუ არა "ოპეკი" მოპოვების შემცირებაზე გადაწყვეტილებას, ეს ივნისში ორგანიზაციის მორიგ სხდომაზე გადაწყდება. სწორედ მაშინ მიღებული გადაწყვეტილება იქნება ფასების ზრდისა თუ შემცირების განმაპირობებელი. დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბევრი ქვეყანა მოპოვების კვოტირების შემცირებას ეწინააღმდეგება, თანაც მსოფლიოში ნავთობის ფასი მხოლოდ ეკონომიკასთან არაა კავშირში და ის პოლიტიკასაც უკავშირდება, არა მგონია, რომ მოპოვების შემცირება მოხდეს", - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

კიდევ ერთი მიზეზი, რამაც ბოლო პერიოდში მსოფლიოში ნავთობის ფასის გაიაფება გამოიწვია, ეს ამერიკაში კომერციული ნავთობის მარაგის შემცირებაა. მოკლევადიან პერიოდში "შავი ოქროს" გაიაფებას ევროზონაში ეკონომიკური ზრდის ოპტიმისტურმა მოლოდინმა შეუწყო ხელი."მიმდინარე ეტაპზე გაჩნდა იმის განცდა და პროგნოზი, რომ ევროზონაში ეკონომიკური მდგრომარეობა გამოსწორდება. სიტუაცია დამაკმაყოფილებელია ჩინეთშიც, სადაც ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ამ საკითხებმა განაპირობა ის, რომ ამ პერიოდში ნავთობზე ფასი გაიზარდა", - განაცხადა მთვრალაშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში ჭარბი რაოდენობით ნავთობი, სადაც მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას, ასევე სტრატეგიული კომერციული მარაგების რეკორდულად მაღალი რაოდენობა, ხელს უშლის ნავთობის ფასის ზრდას.

"ნავთობი კი გაძვირდა, მაგრამ ეს მოხდა მოკლევადიან პერიოდში და თანაც არც ისე მნიშვნელოვნად. აქ არის შემაფერხებელი ფაქტორები, მაგალითად ის, რომ ბაზარზე საკმაოდ ჭარბი რაოდენობით ნავთობია. ამერიკაში სტრატეგიული მარაგი არის რეკორდულად მაღალ ნიშნულზე. საუდის არაბეთს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომპოვებელია, გაზრდილი აქვს ნავთობის მოპოვება. ეს ფაქტორები კი, ნაწილობრივ არის შემაფერხებელი იმისა, რომ ნავთობი შემდგომში აღარ გაძვირდეს. ამიტომაც მიდის საუბარი იმაზე, რომ ეს ფასის მატება არის მოკლევადიანი და ნავთობი ისევ გაიაფდება. მნიშვნელოვანია "ოპეკის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ნავთობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ მოთხოვნა წელს კიდევ უფრო გაიზრდება, ვიდრე 2014 წელს იყო. ასე რომ, ეს არის რამდენიმედღიანი გაძვირება და მალე ფასი ისევ ქვემოთ წამოვა", - დასძინა მთვრალაშვილმა.

"შავი ოქროს" ფასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინათ რუსეთის ფინანსთა მინისტრმაც გააკეთა. ანტონ სილუანოვის პროგნოზით, მომდევნო წლებში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 70 დოლარს არ გადააჭარბებს, ამიტომ უახლოეს მომავალში რუსეთის ბიუჯეტის შევსება კიდევ უფრო გართულდება. როგორც ცნობილია, რუსეთში ნავთობის ფასის დაცემამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეროვნულ ვალუტაზე. რუბლი გაუფასურდა, ასევე შემცირდა საბიუჯეტო შემოსავლები. რუსეთის ფინანსთა მინისტრი მარტის დასაწყისში ვარაუდობდა, რომ 2015 წლის ბოლომდე ინფლაცია 12,2 პროცენტს მიაღწევდა, თუმცა ამჟამინდელი პროგნოზით ირკვევა, რომ ეს მაჩვენებელი 12 პროცენტს არ გადააჭარბებს.

ნავთობის გაძვირებამ კი ბოლო პერიოდში რუბლის ავტომატური გამყარება გამოიწვია. თუ მარტის დასაწყისში ერთი ამერიკული დოლარი 62 რუბლი ღირდა, დღეს ერთი დოლარის ღირებულება 49 რუბლია. რუსი ანალიტიკოსების თქმით, რუბლის ასეთი გამყარება, პირველ რიგში, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდამ გამოიწვია.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"