186 ათას ევროდ შეძენილი ვერტმფრენი, 34 მიწის ნაკვეთი, 7 სახლი, ბინა და კომპანია რუსეთში - რა ქონებას ფლობს ფრიდონ ინჯია

ფრიდონ ინჯია 10 მოწვევის პარლამენტში ,,პატრიოტთა ალიანსის" სიით შევიდა და ახლა საპარლამენტო ჯგუფ ,,ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთი ლიდერია.

დეკლარაციაში ინჯიას მხოლოდ მეუღლე, ლალი რუხია ჰყავს შეყვანილი. დეპუტატმა დეკლარაცია 2023 წლის 30 მარტს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, თავად ბიზნესმენი დეპუტატი ფლობს 7 საცხოვრებელ სახლს თბილისსა და რეგიონებში, 34 მიწის ნაკვეთს და 2 არასაცხოვრებელ ფართს. უძრავი ქონებიდან მისი მეუღლის საკუთრებაშია 1 სახლი და 2 ბინა. ასევე, 2 მიწის ნაკვეთი და 2 არასაცხოვრებელი ფართი. რუხიას ერთ-ერთი ბინა მოსკოვში მდებარეობს.

ინჯიამ 2016 წელს 212 000 ათას ლარად შეიძინა Mercedes-Benz Van V250 BLUETEG -ი, 2013 წელს 274 000 ლარად Mersedes-Benz S500-ი, 2021 წელს 136 000 ათას ლარად S 560 4MATIC-ი. 2022 წელს ლალი რუხიამ 25 000 დოლარად შეიძინა LEXUS GX470-ი.

ბინზესმენ დეპუტატს, 2016 წელს აჩუქეს 11 500 ლარად შეფასებული ცეცხლსასროლი იარაღი BENELLI 828U SILVER-ი.

ინჯიამ გასულ წელს 186 075 ევროდ შეიძინა ვერტმფრენი. სარემონტო სამუშაოებში 17 499 ლარი დახარჯა. ფიზიკურ პირს კი 55 000 ლარი აჩუქა. ასევე ფიზიკურ პირს დაეხმარა 15 256 ევროთი.

დეპუტატის რანგში ევროპელი სოციალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა გასულ წელს 57 703 ლარის სახელფასო სარგო მიიღო.

ინჯია ფლობს 100%-იან წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს მედ+, შპს ახტელი, შპს მერანი საქართველო, შპს სისტემა გაზი საქართველო, შპს მარტვილი პალასი და შპს West Wines. ასევე 100%-იანი წილი აქვს შპს დომინანტში, რომელიც რუსეთში, მაგადანში მდებარეობს. ინჯია ფლობს 94%-ს "შპს მარჯა სისტემ ტურიზმში", რომელიც თურქეთში, ხოფაშია რეგისტრირებული. თავად ინჯია 31 კომპანიაში სხვადასხვა მოცულობის წილის მფლობელია. ასევე ლალი რუხია ფლობს 2 კომპანიას სრულად და ორს - ნაწილობრივ.

შეგახსენებთ, პარტია „ევროპელი სოციალისტების” ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ 2 მაისს პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ 30 აპრილის აქციის („უცნობის“ აქცია) მოთხოვნათა შესაბამისად პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტით მიმართავენ. 30 აპრილის აქციაზე გაჟღერებული იყო ჰომოფობიური და ანტიდასავლური შეფასებებიც. ასევე, მოწოდება ნეიტრალიტეტისკენ.

თამარ მუკბანიანი