ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებსა და გარემოვაჭრეებს შორის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა

ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე ზუგდიდის მერს, მამუკა წოწერიას და მის მოადგილეებს შეხვდა.

მათი განცხადებით, შეთანხმება ვერ შედგა. ისინი სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას და გარევაჭრობის გაგრძელებას გეგმავენ.

„ჩვენს შორის შეთანხმება ვერ შედგა. მათი შემოთავაზებული ფართები ჩვენთვის არის ყოვლად მიუღებელი. ვაგრძელებთ აქციას. ახლა წავალთ, სადაც ვიყავით. გავაგრძელებთ მუშაობას, არ გავჩერდებით, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ. როგორც კი მოგვადგებიან და გვეტყვიან, რომ შევწყვიტოთ გარევაჭრობა, ბრძოლას გავაგრძელებთ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

მერიაში აცხადებენ, რომ გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს. მათი თქმით, გარემოვაჭრეები მერიის მხრიდან შეთავაზებულ ფართებზე უარს აცხადებენ. მათივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პრობლემა უმტკივნეულოდ მოგვარდეს.

„გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს იმ ტერიტორიებზე, სადაც საერთო სარგებლობის სივრცეებია. ისეთი ტერიტორიები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები სისტემატურად იყენებენ გადაადგილებისთვის, არის შეზღუდული გარემოვაჭრეების მხრიდან. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება. ასევე, უნდა უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა. ორი დღის წინ ჩვენ გვქონდა ანალოგიური აქცია ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მოვაჭრეების მხრიდან, რომლებიც აპელირებდნენ, რომ მათთვის იქმნება არაკონკურენტული გარემო, ხოლო რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ჩვენ შევთავაზეთ გარემოვააჭრეებს ალტერნატიული ფართები, თუმცა მათი მხრიდან ალტერნატიული ფართის ათვისებაზე მზაობა არ გამოითქვა, ხოლო მუნიციპალიტეტი გააგრძელებს კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. ჩვენი მხრიდან კეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება,“ - განაცხდა ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიგა მელიამ.