სად შეიძლება აშენდეს ახალი აეროპორტი - თბილისის აეროპორტს გაფართოების შესაძლებლობა არ აქვს

თბილისის დღევანდელ აეროპორტს გაფართოების შესაძლებლობა არ აქვს იმ მოცულობით, რა მოცულობაც ქვეყანას სჭირდება - დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის აშენება, რომელსაც მეტი გამტარობა ექნება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კორეაში, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პრემიერის მიერ დაანონსებულ ახალ აეროპორტთან დაკავშირებით განაცხადა.

სად შეიძლება აშენდეს ახალი აეროპორტი და როგორია შიდა ფრენების განვითარების პერსპექტივა, „ბიზნესპრესნიუსთან" ავიაციის სფეროს ექსპერტი იასე ზაუტაშვილი ამბობს, რომ ახალი აეროპორტისთვის იდეალური ტერიტორიაა - ვაზიანი.

„ცხადია, მივესალმები იდეას, რომ აშენდეს აეროპორტი. ადრეც უნდა ეფიქრათ საქართველოში დახვეწილ აეროპორტზე. აქ არის ტერიტორია ვაზიანში, რომელიც იდეალური ლოკაციაა. 15 კმ-ა თბილისის აეროპორტიდან. თავის დროზე შესწავლილია და იდეალურად მიუდგება როგორც ქარის მიმართულებას, ასევე ასაფრენ ზოლს. შეზღუდული არ არის ხევით, როგორც თბილისის აეროპორტი. უპრობლემოდ გაკეთდება აეროპორტი 2 ასაფრენი ზოლით, 5-6 მისაღებით, რომ თანამედროვე სტანდარტების იყოს. თუმცა, ამაში ცხადია ხელი არ უნდა შეუშალოს სახელმწიფოს კომპანიებთან დადებულმა ხელშეკრულებებმა, რომელიც ჩვენივე ქვეყანაში გვიზღუდავს სტრატეგიული ობიექტის აშენებას.

მე არ ვიცი ხელისუფლების გეგმები, მაგრამ ყველაზე რეალისტური უდავოდ ვაზიანია.

რაც შეეხება სხვა აეროპორტებს, მაგალითად თელავს, იქიდან საერთაშორისო ტიპის აეროპორტი არ გამოვა, თუმცა ქვეყანაში ყველგან, სადაც არის ამის რესურსი, უნდა განვითარდეს შიდა ფრენები. ეს დაეხმარება ავიაციასაც და ტურიზმსაც. როცა 4-5 დღეში ჩამოსული სტუმარი გადაღლის გარეშე შეძლებს მოიაროს საქართველო. გადაფრინდეს მესტიაში, ამბროლაურში, მარტვილში და იქიდან თელავში" - აცხადებს ზაუტაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან".

შეგახსენებთ, მინისტრი ხუციშვილის თქმით, შეზღუდვა, რომელიც მოქმედ აეროპორტთან ხელშეკრულების პირობებშია და 200 კმ მანძილზე ახალი აეროპორტის ექსპლუატაციაში შესვლას კრძალავს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, სავარაუდოდ, აღარ იმოქმედებს.

ცნობისათვის, ვაზიანის სამხედრო აეროდრომი 1940-იან წლებში შევიდა ექსპლუატაციაში. აეროდრომზე პირველი საბჭოთა საავიაციო შენაერთი 1942 წლის აგვისტოში გამოჩნდა. ვაზიანის აეროდრომის ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კმ იყო, ხოლო სიგანე - 60 მ.

თამარ მუკბანიანი