ხიდების შემოწმების პროექტი დასასრულს უახლოვდება

თბილისის მერი დავით ნარმანია ე.წ. მინდელის ხიდის გამოკვლევა-გამოცდას დაესწრო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანია გიორგი მინდელის სახელობის ხიდის გამოცდა-გამოკვლევას კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაესწრო.  მერიის ინფორმაციით, გამოკვლევა-გამოცდის მიზნით ე.წ. მინდელის ხიდი მთელი ღამის განმავლობაში დაიკეტა, განთავსდა სატვირთო მანქანები და ნაგებობა სხვადასხვა მანევრირებით გამოიცადა. პარალელურად, სპეციალისტებმა ხიდზე მიმდინარე პროცესები სპეციალური ხელსაწყოებით შეამოწმეს.

დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული პროექტი ხიდების მდგრადობის შემოწმების შემდეგ მათ ფუნდამენტურ გამაგრებასა და ზედაპირის მოწესრიგების სამუშაოებს ითვალისწინებს. ამიტომ, ხიდები, რომელბიც ამ შემოწმების შემდგომ გამაგრდება, აბსოლურტურად უსაფრთხო იქნება. "ჩვენ ვამთავრებთ ხიდების გამოცდის პროექტს, ეს არის ბოლოს წინა ხიდი, მისი გამოცდის შედეგები უახლოეს დღეებში გვექნება. ზოგადად, ხიდების გამოცდამ გვიჩვენა, რომ რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ავარიულობიდან გამომდინარე, დავიწყეთ 2 ხიდის რეაბილიტაციის პროცესი. რამდენიმე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის პროექტირება მიმდინარეობს. ამასთან, ტენდერია გამოცხადებული 2 ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და როგორც კი ეს პროცედურა დასრულდება, მაშინვე დავიწყებთ მუშაობას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ხიდებისა და მეტეხის გვირაბის გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოებს ს.ს.ი.პ. "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრი" აწარმოებს. პროექტისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 397 900 ლარია გამოყოფილი.