EBRD-ის პრეზიდენტი:  საქართველოში ინვესტირებისთვის კარგი გარემოა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და EBRD-ის თბილისში დაგეგმილი ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის დეტალები განიხილეს.  "საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საიმედო პარტნიორია. ძალიან მნიშნელოვანია ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი, რომელიც რამდენიმე კვირაში სწორედ საქართველოში გაიმართება. ჩვენ 1500-მდე ბიზნესმენი, ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რათა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, თქვენი ქვეყნის მიღწევებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს გავეცნოთ. გასულ წელს ბანკმა წარმატებით განახორციელა 215 მლნ ევროს ღირებულების პროექტები სხვადასხვა სექტორში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინვესტირებისთვის კარგი გარემოა," - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს.  "მათი მხარდაჭერით საქართველოში ბევრი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციები კერძო სექტორში. უახლოეს პერიოდში ბანკი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში კიდევ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ჩატარება თბილისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული და შესაძლებლობა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მოიზიდოს ახალი ინვესტიციები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა მსოფლიო ბანკის მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) ვიცე-პრეზიდენტს, კეიკო ჰონდას. შეხვედრაზე ქვეყანაში მსხვილი უცხოური ინვესტიციების დაზღვევის პერსპექტივასა და ამ კუთხით MIGA-ს მხარდაჭერაზე ისაუბრეს.