„ვფიქრობთ, რომ სებ-ი 10 მაისის სხდომიდან დაიწყებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას" - Galt&Taggart

საინვესტიციო ბანკი Galt&Taggart-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას პროგნოზირებს. ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის კვირის განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. ამ მოლოდინს გასულ თვეში ინფლაციის 2.7%-მდე შენელება განაპირობებს.

„წლიური ინფლაციის ტემპის მოსალოდნელზე მეტად შენელების პირობებში, ვფიქრობთ, რომ სებ-ი 10 მაისის სხდომიდან დაიწყებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას, რომელიც მიმდინარედ 11.0%-ს შეადგენს", - წერია მიმოხილვაში.

ასევე, საინვესტიციო ბანკის განახლებული კვირის ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით 2023 წლის პირველ 4 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

აღნიშნული პერიოდის შემოსავლები, გასული წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელს 79.5%-ით აღემატება.

„ჩვენი შეფასებით, 2023 წლის აპრილში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 32.6%-ით გაიზარდა და 250 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, ჩვენი შეფასებით, 2023 წლის პირველ 4 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 1,045 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+79.5% წ/წ)", - წერია მიმოხილვაში.

თამარ მუკბანიანი