მარტში საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 77,8 ათასი ტონა შეადგინა.

მათივე განმარტებით, აღნიშნული მონაცემები 21,4 ათასი ტონით აღემატება თებერვლის თვის მაჩვენებელს.

"მათ შორის, მარტის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 37 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 40,8 ათასი ტონა. საწვავის კატეგორიების მიხედვით 2015 წლის მარტის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 25,9 ათასი ტონა ანუ 70%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 10,5 ათასი ტონა ანუ 28,4%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,6 ათასი ტონა ანუ 1,6%.

ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის მარტის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 11,6 ათასი ტონა ანუ 28,4%, L-62 დიზელის საწვავი - 29,2 ათასი ტონა ანუ 71,6%", - აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

რაც შეეხება მაჩვენებლებს ქვეყნების მიხედვით, 2015 წლის მარტის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 29,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 37,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 21,5 ათასი ტონა – 27,7 %; ბულგარეთი - 10,5 ათასი ტონა – 13,5%; საბერძნეთი - 9,0 ათასი ტონა – 11,6 %; რუსეთი - 4,7 ათასი – 6%, თურქმენეთი - 2,9 ათასი ტონა – 3,7%. აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

მიმდინარე წლის მარტის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 3,2 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რომლის უმეტესი წილი - 78% განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

მ/წლის მარტის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 2,0 ათასი ტონა, თებერვლის თვეში - 1,0 ათასი ტონა.

2015 წლის მარტის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3,4 ათასი ტონა, თებერვლის თვეში - 4,5 ათასი ტონა.

ნავთობპროდუქტების იმპორტი და მისი მოხმარება მიმდინარე ეტაპზე კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზე დგას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში ყველა სახის ნავთობპროდუქტის მოხმარება ტრადიციულად იზრდება, რადგან ეს დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებასთან, ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებასთან და ზოგადად, ტრანსპორტის აქტიურ მოძრაობასთან", - აღნიშნავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.