დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, შპს "ვესტას" დამფუძნებელი და დირექტორი ალექსანდრე მანელაშვილი და მისი თანამზრახველი გოჩა ვაშკლევიჩი დააკავა.

"დადგენილია, რომ შპს "ვესტამ" ტენდერში გამარჯვების გზით აიღო ვალდებულება მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში წყლის მრიცხველების მონტაჟის სამუშაოების შესრულებაზე. აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს სახელშეკრულებო ვალდებულება და სამუშაოები არ შეასრულეს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებით. გარდა ამისა, თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, დაამზადეს სამუშაოთა შესრულების ყალბი აქტები, ფორმა #2, რომლებშიც ნაცვლად რეალურად შესრულებული სამუშაოებისა, მიუთითეს, რომ თითქოსდა სრულად მოხდა სოფლის გამრიცხველიანება", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების განმარტებით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე და 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.