დავით შავლიაშვილმა ავსტრიის ელჩთან შეხვედრა გამართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აქსელ ვეჰს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით,  სამინისტროს დღეს ავსტრიის ელჩი (რეზიდენციით ბაქო) აქსელ ვეჰი ეწვია. ელჩს მინისტრი დავით შავლიაშვილი და მინისტრის პირველი მოდგილე გიორგი ამაშუკელი შეხვდნენ. აღნიშნული შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მინისტრმა აქსელ ვეჰს სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ასევე იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც უწყება საქართველოში ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საგზაო ინფრასტრუქტურისა და მყარი ნარჩენების მართვის საკითხები, თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმა და მაღალმთიანი რაიონების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. მხარეებს შორის საუბარი შეეხო მიმდინარე წლის მაისში საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტს, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ავსტრიის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობასაც.