უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ანა წითლიძეს მოუწოდებს, პატივი სცეს კანონს და შეწყვიტოს სიცრუის გავრცელება-ტირაჟირება

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც იგი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ანა წითლიძეს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სიცრუის ტირაჟირებისგან და პატივი სცეს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც დადასტურდა, რომ უჩა მამაცაშვილს ე.წ. ქოლცენტრების მფარველობასთან შემხებლობა არ გააჩნია.

„ჩვენ გვესმის, რომ BBC-ზე გასული სიუჟეტის და სიმართლის გამოაშკარავების შემდეგ, როდესაც არა მხოლოდ ქართულმა საზოგადოებამ, არამედ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმაც დაინახეს, თუ რეალურად ვინ დგას ე.წ. ქოლცენტრების უკან, ბატონი კეზერაშვილი ცდილობს, მისი დაქირავებული სპიკერების მეშვეობით აქცენტები სხვებზე გადაიტანოს, მაგრამ სრულიად გაუგონარია უტიფრობის ის ხარისხი, რაც დღეს მოვისმინეთ, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი და უჩა მამაცაშვილი მფარველობენ ე.წ. ქოლცენტრებს. ეს უკვე სიცრუის ახალი ზღვარი და საფეხურია, რადგან აქამდე იმის გონიერება მაინც ჰყოფნიდათ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელი არ დაეკავშირებინათ ამ სიგიჟესთან, რომელსაც ცხადია არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ დაიჯერებს. როგორც ჩანს, სიმართლე იმდენად ემწვავათ, რომ ადეკვატურობა სრულიად დაკარგეს“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ამირან გიგუაშვილი დეპუტატ ანა წითლიძეს მოუწოდებს, პატივი სცეს კანონს და გაითვალისწინოს, რომ სულ რამდენიმე თვეა დასრულდა დავა, რომლითაც სამივე ინსტანციის სასამართლომ ცილისწამებად მიიჩნია ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებები უჩა მამაცაშვილის ე.წ. ქოლცენტრების მფარველობასთან დაკავშირებით.

„მე, როგორც ბატონი უჩა მამაცაშვილის ადვოკატი, მოვუწოდებ ქალბატონ ანა წითლიძეს, პატივი სცეს კანონს და გაითვალისწინოს, რომ სულ რამდენიმე თვის წინ დასრულდა დავა, სადაც სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა, რომ ე.წ. ქოლცენტრებთან ბატონ უჩა მამაცაშვილს შემხებლობა არ გააჩნია და მის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა ფსევდოარასამთავრობო ორგანიზაციის „ანტიკორუფციული მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ, მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას. ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ჩვენ ველოდებით სააღსრულებო ფურცელს, რათა ანტიკორუფციული მოძრაობის სპიკერებმა, რომლებიც რეალურად ყოველთვის, „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ, საჯაროდ, ყველას გასაგონად აღიარონ, რომ მათი განცხადებები იყო სიცრუე და ცილისწამება. ასევე, მოვუწოდებ ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლებს, ბატონი უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ დაკისრებული 15000 ლარი, ნებაყოფლობით გადარიცხონ მოხუცებულთა თავშესაფარში, როგორც ეს მივუთითეთ სასამართლო განხილვებისას“,-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გავრცელდა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადება, რომლითაც მან საქართველოში ე.წ. ქოლცენტრების მფარველობაში ბრალი ბიძინა ივანიშვილს და უჩა მამაცაშვილს დასდო.

„აქვე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სარჩელის განხილვა, რომლითაც ის ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლების, ვასო ურუშაძის და ლაშა ფარულავასგან, მის მიმართ გაჟღერებული ცილისმწამებლური ბრალდებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ გავრცელებული ყველა ბრალდება ცილისწამებად იქნა აღიარებული, ხოლო მორალური ზიანის საკომპენსაციოდ თითოეულ მოპასუხეს 5000 ლარი დაეკისრა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს“, - ნათქვამია განცხადებაში.