"ჯი-ემ-თი ჯგუფსა" და "მარიოტს" შორის ახალი სასტუმროს მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

"ჯი-ემ-თი ჯგუფსა" და "მარიოტს" შორის ხელი მოეწერა სასტუმრო "მოქსის" მართვის ხელშეკრულებას, რომელიც თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ახალი პროექტის დაწყებას ითვალისწინებს.

როგორც ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "მარიოტის" ბრენდმა უკვე მესამე სასტუმროს მშენებლობა დააანონსა. მისი თქმით, ეს იქნება ახალი ბრენდი, "მოქსის" ბრენდი, რომელიც ქვებრენდია "მარიოტის".

"ეს იქნება 25 მილიონ დოლარიანი ახალი ინვესტიცია. ამ სასტუმროს მშენებლობაში მონაწილეობას მიიღებს ასევე ამერიკის სამთავრობო სააგენტო "ოპიკი", რაც კიდევ ერთხელ დასტურია საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის ყველანაირად ხელსაყრელი გარემოს არსებობის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, სასტუმრო აშენდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ყოფილი ვორონცოვის, ამჟამად ზაარბრიუკენის მოედანზე და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი, რომელიც კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს. "ძალიან მოხარული ვარ, რომ "მარიოტი" რომელიც თითქმის 15 წელია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოში, გაფართოებაზე ფიქრობს და არა მხოლოდ ფიქრობს, არამედ ახალ ინვესტიციებსაც ახორციელებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება სასტუმრო "მოქსს", პროექტით გათვალისწინებულია 130 ნომრიანი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასტუმროს აშენება. პროექტის მთლიანი ღირებულება 25 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მის განხორციელებაში მონაწილეობას იღებს აშშ-ის სამთავრობო სააგენტო "ოპიკი", რომელიც "ჯი-ემ-თი ჯგუფის" სტრატეგიული პარტნიორია და მის მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში მონაწილეობს. ახალი პროექტის დასრულება "ჯი-ემ-თი ჯგუფს" 2017 წელს აქვს დაგეგმილი.