მაია ომიაძე - ახალი პორტალი ტურისტებს საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვაში დაეხმარება - ვიმედოვნებთ, ბევრად მეტ ტურისტს მოვიზიდავთ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, ახალი პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საქართველოში მოგზაურობა დაგეგმოს და ქვეყნის ტურისტული პროდუქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს.

მისივე თქმით, პორტალზე განთავსებულია 3200-ზე მეტი ახალი სტატია ორ ენაზე, სადაც მომხმარებლები საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან.

„ქვეყნის მთავარი ტურისტული პორტალი უკვე მზად არის. მომხმარებლებს შეუძლიათ ეწვიონ და დაგეგმონ მოგზაურობა საქართველოში. ჩვენს პორტალს ძალიან ბევრი საჭირო და საინტერესო ხელსაწყო დაემატა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი პირადი მოგზაურობა ინტერაქციული რუკის მიხედვით ააწყონ, ლოკაცია აარჩიონ და შემდეგ სხვადასხვა ადგილს ესტუმრონ. ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა. პორტალზე განთავსებულია 3200-ზე მეტი ახალი სტატია ორ ენაზე, სადაც მომხმარებლები საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან. ვიმედოვნებთ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის სამყაროში ბევრად მეტ ტურისტს მოვიზიდავთ ჩვენი ახალი პლატფორმის საშუალებით“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალის პრეზენტაცია მოაწყო. Georgia.travel-ის ახალი ვებგვერდი 70-მდე ქვეყნის ტურისტული პორტალის კვლევისა და ანალიზის შედეგად მომზადდა.

საქართველოს მთავარ ტურისტულ პორტალს 200-მდე ქვეყნიდან უკვე ეწვია 18 მილიონამდე უნიკალური ვიზიტორი.

მთავარი ტურისტული პორტალი georgia.travel შემუშავდა პარტნიორი კომპანიების დახმარებით, რომლებიც არიან: „მკტ მენტორი“, „კლიპარტი“, „არტმედია“ და სხვა.