ესპანელი ახალგაზრდები სამოგზაურო ბილეთებზე დიდი ფასდაკლებით ისარგებლებენ

ესპანეთის მთავრობა ახალგაზრდებისთვის ორი თვის განმავლობაში სამგზავრო ბილეთებზე დიდ ფასდაკლებას გამოაცხადებს, რომ ისინი მოგზაურობისკენ წაახალისოს და ტურიზმის ინდუსტრიას დაეხმაროს. ინფორმაციას Agence France-Presse ავრცელებს.

ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, 15 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით 18-დან 30 წლამდე პირები სარკინიგზო და ავტობუსის რეისების ბილეთებზე ფასდაკლებით ისარგებლებენ. აქცია მოიცავს როგორც შიდა რეისებს, ასევე, ევროპის სხვა ქვეყნებში მარშრუტებს, რომ „ახალგაზრდებს ზაფხულში დასასვენებლად მგზავრობა გაუადვილდეთ და ტურიზმის სექტორმაც ისარგებლოს.“

მოკლე და საშუალო მანძილის მარშრუტებზე ფასდაკლებამ შესაძლოა, 90%-ს, ევროპის მარშრუტებზე კი 50%-ს მიაღწიოს.

მთავრობის განცხადება წინასაარჩევნო კამპანიის პიკის დროს გავრცელდა. კერძოდ, 28 მაისს ქვეყანაში ადგილობრივი, წლის ბოლოს კი საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

მსგავსი „უფასო“ სამგზავრო ბარათები ესპანეთში რეგიონულ მატარებლებსა და ქალაქგარე ელექტრომატარებლებზე გასული წლის სექტემბერშიც მოქმედებდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ