კახა კალაძე: ბევრი რეფორმა გვაქვს ჩასატარებელი, რომ საქართველო გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა

ძალიან ბევრი რეფორმა გვაქვს ჩასატარებელი იმისთვის, რომ შევძლოთ და უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა.

ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განაცხადა, სადაც ევროკავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობის პროგრამა INOGATE-ის და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად შექმნილი აღმოსავლეთ-ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ აღნიშნა, მომზადებული არის ძალიან მნიშვნელოვანი პუბლიკაცია, სადაც დეტალურად, კონკრეტულად არის აღწერილი აღმოსავლეთ-ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა. "დიდი ყურადღებაა გამახვილებული საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკაზე და ამ დარგში ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზე, ეს არის მისასალმებელი, რომ ძალიან დადებითი შეფასება აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით, კიდევ ბევრი სამუშაო, ძალიან ბევრი რეფორმა გვაქვს ჩასატარებელი იმისთვის, რომ შევძლოთ და უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ასევე ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციაზე, ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციაზე ევროპულ ბაზრებთან, ასევე ინვესტიციების მოზიდვაზე ევროპული ქვეყნებიდან. "ინვესტიციების კუთხით ჩვენ არ გვაქვს პრობლემები. ამ დარგში ძალიან ბევრი ინვესტიცია ხორციელდება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი და მეტი ინვესტიცია იქნას განხორციელებული", - განაცხადა კალაძემ.

პრეზენტაციის შემდეგ კომენტარი გააკეთა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარია ვან დერ ჰოევენმა, რომელმაც დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "პირველ რიგში ეს გახლავთ შესაბამისი კურსის განხორციელება, რომელიც დაგეგმილი და გაცხადებულია. მეორე, არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ და მხოლოდ ჰიდრორესურსებით და ყურადღება გავამახვილოთ განახლებად რესურსებზეც, ბიოთერმულზეც და ა.შ. მესამე, კიდევ უფრო დავხვეწოთ და კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ შესაბამისი კაპიტალდაბანდებებისთვის ძალზე სასურველი გარემო, რომ მოვიზიდოთ კაპიტალი და ბოლოს ის, რომ უნდა განვახორციელოთ და ძალიან მაღალ დონეზე დავაყენოთ ენერგოქმედითუნარიანობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავზრდით პოტენციალს, ჩვენ ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებულები, ექსპორტს შევძლებთ და გარდა ამისა შევქმნით უფრო დაბალ ფასებს, დაბალ დანახარჯებს უზრუნველვყოფთ. ყველაფერი ეს საერთო ჯამში უზრუნველყოფს აბსოლუტურ უსაფრთხოებას და სრულ მომარაგებას ენერგეტიკის სფეროში. ეს გახლავთ სწორედ ის მიზანი, რომლისკენაც ისწრაფვის ხალხი და ქვეყანა", - განაცხადა ჰოევენმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ მდებარეობას და აღნიშნა, რომ საქართველო თავისი განლაგებით თავისებური ხიდია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, აზიასა და ევროპას შორის. "რასაკვირველია, ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს წარმოადგენს საქართველოდან ექსპორტის გაფართოება, კერძოდ, მეზობელ თურქეთსა და უფრო შორეულ ბაზრებზეც", - განაცხადა ჰოევენმა.

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ღონისძიებას პროგრამა INOGATE-ს სამუშაო ჯგუფის წევრები, ენერგეტიკული კომპანიები და სააგენტოების ხელმძღვანელი პირები, პროგრამის ექსპერტები, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.