რუსულმა Red Wings-მა საქართველოსთან ფრენების დაწყება ავიამიმოსვლის აღდგენისთანავე დააანონსა

რუსული ავიაკომპანია, Red Wings საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ ამ მიმართულებით ფრენებს დაიწყებს. ამის შესახებ „ტასს“ ავიაკომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ „საქართველოში ფრენების განხორციელება ავიაკომპანიის ძირითადი საოპერაციო ბაზებიდან იგეგმება.“

Red Wings საქართველოში ფრენებს პერსპექტიულად მიიჩნევს არა მხოლოდ ტურისტული ბიზნესის, არამედ საქმიანი ურთიერთობებისა და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისითაც.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჩვენი მგზავრებისთვის მოთხოვნადი მიმართულება იქნება,“ - აცხადებენ Red Wings-ში.

ცნობისთვის: პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების, ხოლო ტურისტული სააგენტოებისთვის ტურების გაყიდვის აკრძალვა მოხსნა, რაც 15 მაისიდან ამოქმედდება.

ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროში სააგენტო RBC-ს განუცხადეს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ რუსული ავიახაზები მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან ყოველ კვირას 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ, ხოლო ფრენები რუსული წარმოების თვითმფრინავებით განხორციელდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ