ოთარ შამუგია ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ამერიკის შეერთებულ შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ოფიციალური მიწვევით, „სოფლის მეურნეობის ინოვაციების მისია კლიმატისთვის“ (Agriculture Innovation Mission for Climate - AIM for Climate) მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტერიალი ამერიკის შეერთებული შტატებისა და არაბთა გაერთიანებული ემირატების ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ალბერტ (ელ) გორმა, არაბთა გაერთიანებული საემიროების კლიმატის ცვლილების და გარემოს მინისტრმა, მარიამ ალმჰეირმა და ამერიკის სოფლის მეურნეობის მდივანმა (USDA), თომას ჯეი ვილსაკმა გახსნეს.

მინისტერიალში 45-ზე მეტი სახელმწიფო (მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ბრაზილია, ეგვიპტე, ავსტრალია, იაპონია, კორეა, ინდოეთი და სხვა) და 275-ზე მეტი არასამთავრობო პარტნიორი მონაწილეობდა.

AIM for Climate მიზნად ისახავს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და კვებითი სისტემების მიმართულებით ინოვაციების და ინვესტიციების განხორციელების გზით კოლექტიური ჩართულობის მნიშვნელოვნად გაზრდას.

როგორც ოთარ შამუგიამ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო სოფლის მეურნეობის სექტორზე კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად აქტიურად მუშაობს. აგრარული სექტორისთვის ადაპტაციური შესაძლებლობების გაზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიაში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვა-განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. წყლის რესურსის დაზოგვა და მათი რაციონალურად გამოყენება გახლავთ მიდგომა, რომელიც კლიმატის ცვლილებების ფონზე სოფლის მეურნეობის სექტორში ინერგება. საქართველო ისწრაფვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. ჩვენ ქმედით და მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც საერთაშორისო ვალდებულებების, ასევე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესასრულებლად. მჯერა, სოფლის მეურნეობაში შესაბამისი ინოვაციების დანერგვა ხელს შეუწყობს აგრარულ სექტორზე კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, პროდუქტიულობის გაზრდას და რომ ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, მინისტერიალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.