ფრენების აღდგენის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში ტურისტულმა ნაკადმა შესაძლოა, წელიწადში მილიონ ადამიანს გადააჭარბოს

ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში ტურისტულმა ნაკადმა შესაძლოა, წელიწადში მილიონ ადამიანს გადააჭარბოს. ამის შესახებ რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „ტასი“ ავრცელებს.

თუმცა კავშირის პრეზიდენტი, ილია უმანსკი ამბობს, რომ ტურისტული ნაკადის ზრდა შესაძლოა, ორმა შეზღუდვამ შეაფერხოს. პირველი მიზეზი თვითმფრინავების ის რაოდენობაა, რომლებსაც საზღვარგარეთ ფრენა შეუძლიათ, რადგან ორმაგი რეგისტრაცის რუსულ თვითმფრინავებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ჯერ კიდევ გაურკვეველია.

2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, რუსული ავიაკომპანიები ლიზინგით 700-ზე მეტი უცხოური თვითმფრინავით სარგებლობდნენ. უკრაინის ომის დაწყებისა და სანქციების გამოცხადებისთანავე 70-ზე მეტი სამგზავრო თვითმფრინავი უცხოურ აეროპორტებში დააკავეს და მელიზინგეებს დაუბრუნეს. ამის შემდეგ რუსეთის მთავრობა საერთაშორისო საავიაციო წესების დარღვევაზე გადავიდა, რომ ტერიტორიით მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა მხოლოდ „სარკინიგზო ქვეყნად“ არ გადაქცეულიყო. დასავლური თვითმფრინავები სასწრაფო წესით რუსულად გადაარეგისტრირეს და ფრენისთვის ვარგისიანობის ეროვნული სერთიფიკატები მიანიჭეს.

მეორე მიზეზი, რამაც შესაძლოა, ქვეყანაში ტურისტების ჩასვლას ხელი შეუშალოს, განსახლების ობიექტების მოცულობაა. უმანსკის თქმით, საქართველოში დასაჯავშნი ნომრების ფონდი შეზღუდულია, რადგან ქართულმა სასტუმროებმა, რომლებმაც მანმადე რუსი ტურისტები დაკარგეს, ისინი უცხოური სტუმრებით ჩაანაცვლეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ