საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს მაქინაციებში ადანაშაულებენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი როდრიგო რატო პოლიციაში რამდენიმესაათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, ესპანელმა სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს 66 წლის ესპანელი პოლიტიკოსის ბინასა და ოფისში. არსებული ინფორმაციით, როდრიგო რატოს ბრალი ედება მაქინაციებში. გამოძიების ცნობით, საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც სსფ-ის ყოფილი პრეზიდენტი ესპანური ბანკის Bankia-ს მმართველი იყო. მოგვიანებით, "ბანკია" ფინანსური კრახისგან ესპანეთის ხელისუფლებამ იხსნა.

გამოძიება ესპანელ პოლიტიკოსს, "ბანკიას" სხვა მთავარ პირებთან ერთად, ასევე ადანაშაულებს საკრედიტო ბარათების ბოროტად გამოყენებაში. როდრიგო რატო ყველა წაყენებულ ბრალდებას უარყოფს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტის თანამდებობაზე როდრიგო რატო 2004-2007 წლებში იყო.