ბრიტანელებმა ყველაზე სანდო ავტომობილის მარკები დაასახელეს

გამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტთა განცხადებით, ყველაზე არასანდო გერმანული წარმოების მანქანებია

ბრიტანული გამოცემა What Car-ის მიერ ჩატარებული სანდოობის ინდექსის კვლევის თანახმად, ყველაზე სანდო იაპონური მანქანებია. რეიტინგის მიხედვით, ყველაზე სანდო მანქანად "ჰონდა" დასახელდა. პირველ ათეულში ასევე დასახელდნენ "სუზუკი", "ტოიოტა", "შევროლე", "მაზდა", "ფორდი", ლექსუსი", "შკოდა" და "ჰიუნდაი". "კომპანია "ჰონდას" წარმატება სანდოობის თვალსაზრისით, კომპანიის მიერ წარმოებული მანქანების ტექნიკური გაუმართაობის სიმცირით არის გამოწვეული. გარდა ამისა, "ჰონდას" მანქანების შეკეთება სხვა მარკებთან შედარებით, იაფია", - განაცხადა ჟურნალს What Car-ის მთავარმა რედაქტორმა ჯიმ ჰოლდერმა.

"ტელეგრაფის" ინფორმაციით, გამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტებმა ნაკლებად სანდო მანქანებს შორის ბრიტანული "ბენტლი", რომელიც 1998 წელს გერმანული კონცერნის "ფოლკსვაგენ ჯგუფის" შემადგენლობაში შევიდა და გერმანული "პორშე" დაასახელეს. რეიტინგის ბოლო პოზიციებში აღმოჩნდნენ "მერსედესი", "ალფა რომეო" და "ლენდ როვერიც".

ბრიტანეთში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა მანქანის 50 ათასმა მფლობელმა მიიღო, რომელთაც 37 ავტომწარმოებელს შორის ყველაზე სანდო მარკის ავტომობილი დაასახელეს.

კვლევის დროს ავტორებმა რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინეს, მათ შორის მანქანის შეკეთების რაოდენობა და ფასი, ასევე დაზიანების სიხშირე.