მამუკა მდინარაძე - რუსების მიერ დაწესებული სასჯელი მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენი ოპოზიცია თვითსანქცირებას ითხოვს

რა მოტივაციით იყო მიღებული რუსული გადაწყვეტილება, ეს სხვა საკითხია. რა მოტივაციითაც არ უნდა იყოს - საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი და სანქცია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარი მოქალაქეების დასანქცირებას ითხოვენ.

„2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის გააუქმა ცალმხრივად. გუშინ იცით რა მოხდა?! საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი, მათ შორის, ფრენებთან დაკავშირებით, ანუ რუსების მიერ დაწესებული სასჯელი, რომელიც მათ 2019 წელს დააწესეს, მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს და თვითსანქცირებას ითხოვენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ დაფიქსირებულა, რომ რომელიმე პოლიტიკოსს მოეთხოვოს საკუთარი მოქალაქეების სანქცირება და ერთმანეთში ურევენ ახლა შეგნებულად. რუსეთის მოქალაქეებს კი არ მოეხსნათ რაღაც, საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სანქცია, სასჯელი და ესენი ითხოვენ, რომ პირიქით მოხდეს.

აქედან ვეკითხები, რას იზამდნენ ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ? ანუ, საკუთარ მოქალაქეებს თვითონ დაუწესებდნენ სანქციებს?! საქართველოს ომი ომი არ არის და მხოლოდ უკრაინის არის?! ჩვენი მხარდაჭერა გასაგებია ჩვენს მეგობრებს, მაგრამ 2008 წლის შემდეგ სხვანაირად რომ ჭიკჭიკებდნენ ეს ადამიანები, ცალმხრივად სავიზო რეჟიმს უუქმებდნენ და ფრენებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენი პარტნიორებიც 2019-2020 წლებში ამბობდნენ, რომ ეს არის არასერიოზული გადაწყვეტილება, უნდა მოეხსნას ეს სანქცია საქართველოს მოქალაქეებსო და დღეს ჩვენი ოპონენტები ოღონდ რაღაცით „ქართული ოცნება“ და საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი სამშობლო დააზიანონ და თვითსანქცირებას ითხოვენ. საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას ითხოვენ, წარმოუდგენელი ამბავია მაშინ, როცა რუსეთში ცხოვრობს მილიონამდე ქართველი და მათი სასჯელის მოხსნაზეა საუბარი. რა მოტივაციით იყო მიღებული რუსული გადაწყვეტილება, ეს სხვა საკითხია. რა მოტივაციითაც არ უნდა იყოს - საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი და სანქცია და ამაზე სწუხან ჩვენი ოპონენტები და ამის შეცვლას ითხოვენ“, - განაცხადა მდინარაძემ.