„ინსაიდერული ინფორმაციის საფუძველზე ხდება ხელოვნური მანიპულირება - ამით გარკვეული ტიპის ადამიანები ნახულობენ სავალუტო სარგებელს“

„გარკვეული ინსაიდერული ინფორმაციის საფუძველზე ხდება ხელოვნური მანიპულირება, სამწუხაროდ, და ამით გარკვეული ტიპის ადამიანები ნახულობენ სავალუტო სარგებელს“,- ამის შესახებ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრის გადაცემაში „საქმე“ სავალუტო ბაზარზე არსებულ რყევებთან დაკავშირებით განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სავალუტო ბაზარზე ერთგვარად პანიკური ქცევა შეინიშნებოდა. ლარის კურსი დოლართან და ევროსთან, 1 დღის განმავლობაში, თითქმის 3-5 თეთრით გაუფასურდა.

„საქართველოს ტიპის მყიფე ეკონომიკის პირობებში, ძალიან მარტივია გამოიწვიო მონეტარული ტურბულენტობა, მითუმეტეს, როდესაც შენ განკარგავ და ფლობ ეროვნულ ბანკს. ეს ძალიან მარტივად ხდება, როდესაც ეროვნული ბანკი ოფიციალურად ახდენს დოლარის შესყიდვას ბაზრიდან და ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია რეზერვებისთვის და ამას ყოველთვის მოჰყვება როგორც წესი, რყევები.

მეორე ფაქტორი არის რეფინანსირების განაკვეთს ზრდა ან შემცირება და ეს დაფიქსირდა გუშინ, 0,5%-ით შეუმცირდათ რეფინანსირების განაკვეთი მსესხებლებს, 170 000-ზე მეტ ადამიანს, რაც ძალიან კარგია. ამანაც გარკვეული გავლენა იქონია, მაგრამ მე მაინც მაქვს და ვიტოვებ უფლებას ვთქვა, რომ გარკვეული ინსაიდერული ინფორმაციის საფუძველზე, ხდება ხელოვნური მანიპულირება, სამწუხაროდ, და ამით გარკვეული ტიპის ადამიანები ნახულობენ სავალუტო სარგებელს.

არა მარტო გუშინ, არამედ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ძალიან ხშირად არის ტურბულენტური რყევები სავალუტო ბაზარზე, ხდება რადიკალური გაზრდა ან შემცირება, ინფლაცია და ა.შ. ამ ყველაფერში ცალსახად არის რეგიონული პოლიტიკის წვლილი, შეკრულია ერთობლივი კორელაცია ბევრი ნიუანსით, მაგრამ არა მარტო ქართული, არამედ არაერთგზის საერთაშორისო საფინანსო პლატფორმებიდან მიგვიღია ამაზე რეკომენდაცია, რომ ხომ არ ხდება აქ ერთგვარი მანიპულირება მონეტარული პოლიტიკის კუთხით და ეს ხომ არ არის დაკავშირებული გარკვეულ მაქინაციურ სქემებთან. ამის გონივრული ეჭვი არსებობს, ვინაიდან არანაირი წინაპირობა იმის არ ყოფილა, რომ ბაზარზე დოლარის დეფიციტი შექმნილიყო. როდესაც ერთ დღეში ხდება მინიმუმ 10 პუნქტით რაღაცის გაძვირება და გაიაფება, ეს არის მანიპულაცია. ეს რომ ხდებოდეს, ეტაპობრივი ზრდით ან შემცირება, კი ბატონო, ეს გასაგებია, მაგრამ ერთ დღეში მსგავსი ტურბულენტობა, რომ იზრდება 10 პუნქტით და შემდგომ მცირდება, ეს ბადებს გონივრულ ეჭვს, რასთან გვაქვს საქმე? აქ ხომ არ გვაქვს საქმე იმასთან, რომ ინსაიდერული ინფორმაციის საფუძველზე გარკვეულ ადამიანთა ჯგუფები სარგებლობენ სავალუტო ოპერაციებით?! ეს კითხვა ლოგიკურია და ძალიან ღრმად მწამს, რომ აუცილებლად ამ კითხვებს როდისმე გაეცემა პასუხი, ვინაიდან ეკონომიკას მსგავსი რამ არ ახასიათებს. მითუმეტეს, მონეტარულ პოლიტიკას. საქართველოში რომ 10 პუნქტით გაძვირებულიყო დოლარი, როგორც მინიმუმ, ეროვნულ ბანკს, რომელიმე ინვესტორს, ბიზნესმენს, ან ეკონომიკურ აქტორს, დაახლოებით უნდა გაეტანა 50-60 მლნ დოლარი ბაზრიდან და ეგეთი რამ არ ყოფილა. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ხელოვნური ჩარევა“,- განაცხადა ოთო აბესაძემ.

ნინი ქეთელაური