რომეო მიქაუტაძე - მრეწველობა და მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტებისა და ახლადმიღებული კანონების ერთ-ერთ უპირველესი სამიზნეა

„მწვანე" ზრდასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო საწარმოების მონაწილეობისა და ჩართულობის შენარჩუნება და გაზრდა, რადგან ეს საწარმოები უფრო მოქნილები არიან მიიღონ ცვლილებები, რათა მეტი ენერგია აწარმოონ და ეს ენერგია უფრო რესურს-ეფექტური გახადონ - მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოს მთლიან საწარმოებში დიდი წილი უჭირავს - შესაბამისად, მრეწველობის სექტორში ენერგეტიკის, კლიმატის ან გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელებისას, ეს სეგმენტი ძირითადი სამიზნეა," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ GREEN Action Task Force - ის წლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვლისას განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება თურქეთის ქალაქ სტამბულში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით მიმდინარეობს.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, OECD-ის „მწვანე" ზრდის დეკლარაციასთან მიერთების შემდეგ, საქართველომ დაიწყო შესაბამის სტრატეგიაზე მუშაობა.

რომეო მიქაუტაძის ინფორმაციით, მრეწველობა და მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს სხვადასხვა ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტისა და ახლად მიღებული კანონების ერთ-ერთ უპირველესი სამიზნეა. მათ შორისაა, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სტრატეგია; კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; ეკოტურიზმის სტრატეგია; სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია; დაბალი ემისიების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია; ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული ეროვნული გეგმა; კანონები ენერგოეფექტურობისა და შენობებში ენერგოეფექტურობის შესახებ და სხვ.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტები და საკანონმდებლო ჩარჩოები მოიცავს სულ უფრო მეტ წამახალისებელ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეობის „მწვანე" ბიზნესის პრინციპებზე გადასვლას.