პარლამენტარ ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 9 მლნ ლარამდე იაფი ფინანსური რესურსი მიიღო - TI

საქართველოს პარლამენტის წევრ, ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ, სახელმწიფო აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში ჯამში 8 562 573 ლარი მიიღო 2013-2022 წლებში. კომპანიებში ზაალ დუგლაძესთან ერთად საკუთარი ბიზნესინტერესები გააჩნია ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ბენეფიციარია დუგლაძეების ღვინის კომპანია, რომელმაც პროგრამით, ყველა სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე უფრო ხშირად, ჯამში 45-ჯერ ისარგებლა და იაფი ფინანსური რესურსის სახით 4 335 895 ლარი მიიღო.

„დუგლაძეების ღვინის კომპანიას ეკუთვნის ასევე შპს „ვარციხის კონიაკის“ ქარხანა, რომელმაც აგროკრედიტის პროგრამით ჯამში 83 086 ლარი მიიღო. დუგლაძეების კომპანიას რამდენიმე მეწილე ჰყავს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი.

ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებულია ასევე სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის“ ქარხანა. კომპანიამ პროგრამით 29-ჯერ ისარგებლა და 3 899 176 ლარი მიიღო. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ზაალ დუგლაძის ძმა, დავით დუგლაძე, წევრები კი - ზაალ დუგლაძის მეუღლე - ეკატერინე დუგლაძე და ბიძინა ივანიშვილის ძმა - ალექსანდრე ივანიშვილი.

ზაალ დუგლაძე, ძმასთან და ალექსანდრე ივანიშვილთან ერთად ასევე ფლობს კომპანიას - „აისი ინკ“, რომელმაც 2019-2021 წლებში სახელმწიფოსგან 2-ჯერ მიიღო შეღავათიანი აგროკრედიტი, ჯამში 244 416 ლარი.

ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ადრეც წერდა. დუგლაძის კომპანიებმა 2021 წელს რთველის სუბსიდირების პროგრამითაც ისარგებლეს და ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

ძმები დუგლაძეები და ალექსანდრე ივანიშვილი, პარტია ქართულ ოცნებასაც აქტიურად სწირავენ თანხას. ზაალ დუგლაძემ პარტიას ჯამში 115 000 ლარი შესწირა, დავით დუგლაძემ - 162 000 ლარი, ხოლო ალექსანდრე ივანიშვილმა - 260 768 ლარი,“- აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

თაია არდოტელი