კერძო დაზღვევამ ლარის კურსს ვერ გაუძლო და გაძვირდა

ლარის დევალვაცია კერძო დაზღვევაზეც აისახა.

კომპანიის ნაწილმა მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასის მატების გამო, პოლისები დაახლოებით 12-დან 17 %-მდე გააძვირა. ნაწილი კი ჯერჯერობით ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს აკვირდება და გადაწყვეტილებას ამის შესაბამისად მიიღებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შარშან თითქმის მთელი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ფასის ზრდა აღინიშნებოდა. გაძვირების ტენდენცია წელსაც გრძელდება. ”საქსტატის” ინფორმაციით, 2015 წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, ფასების ინდექსი 6%-ით გაიზარდა. გაძვირდა სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები. ასეთი ტენდენციის გამო სადაზღვევო კომპანიებმა ჯანმრთელობის დაზღვევა უკვე გააძვირეს, თუმცა თვალში საცემად არა. პოლისების გაძვირების მიზეზი მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების მატებაა.

სადაზღვევო კომპანია ”იმედი ელ”-ში აცხადებენ, რომ ყოველთვის, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ცვლილებებია, კომპანია სადაზღვევო პაკეტის გადასინჯვას ახდენს. ”როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ცვლილებები მიმდინარეობს, ჩვენი კომპანია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად მოქმედებს და პაკეტებს გადახედავს ხოლმე. ამჯერადაც ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად ვიმოქმედეთ”, - განუცხადეს "რეზონანსს" “იმედი ელ”-ში.

სადაზღვევო კომპანია ”არდის” ბიზნესის განვითარების დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ სამედიცინო დაზღვევის სეგმენტში ფასწარმოქმნა ყოველთვის არის იმის ანარეკლი, რაც ხდება სამედიცინო, ფარმაცევტული და სტომატოლოგიური მიმართულების მქონე კომპანიების ბიზნეს პროცესებში. ამის გამო, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ”არდის” საფასო პოლიტიკის მიმართუკლებით კორექტირება 4-5-ჯერ მოუწია.

”რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, როგორც იცით, ლარის დევალვაციამ სერიოზულად გააძვირა მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა. შესაბამისად, ჩვენც იძულებულნი გავხდით ფინანსური კორექტირება მოგვეხდინა. ამის გამო, ბოლო პერიოდში პოლისები 12-დან 17 %-მდე გაძვირდა. მეტსაც გეტყვით, დევალვაციის ფონზე, ზოგიერთმა კლინიკამ სპეკულაციურ მეთოდსაც მიმართა. მაგალითად, ერთ-ერთმა პარტნიორმა კლინიკამ ჩვეულებრივი ექოსკოპია, რომელიც ლარის ვარდნამდე 50 ლარი ღირდა, 85 ლარი გახდა, ანუ მომსახურება არა ლარის ვარდნის შესაბამისად, არამედ უფრო მეტად, 70%-ით გააძვირა. ამან კი პირდაპირ ჩვენ დაგვარტყა და აისახა ფასწარმოქმნაზე. სამწუხარო ისაა, რომ რეგულირება არ ხდება და ჩვენი ძალებით და ფინანსებით გვიწევს ასეთ გადაწყვეტილებასთან გამკლავება”, - განუცხადა ”რეზონანსს” მიხეილ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ფასების ზრდის დინამიკა სამედიცინო სერვისებზე ლარის დაცემამდეც მუდმივად იგრძნობოდა, თუმცა ვალუტის რყევამ დამატებითი პრობლემა შექმნა. ”ცხადია, ყველაზე მეტი გამოწვევის წინაშეა ის კომპანიები, რომელთათვისაც დაზღვევა ძირითადი და არა დამატებითი ბიზნესსაქმიანობაა. დღეს საქართველოში წმინდა სადაზღვევო საქმიანობით მხოლოდ რამდენიმე კომპანიაა დაკავებული”, - აცხადებს ჯაფარიძე.

ამ ეტაპზე გაძვირებას არ ადასტურებს ”ჯიპიაი ჰოლდინგი”. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებში ცვლილება არ შეუტანიათ, თუმცა აკვირდებიან ბაზარზე არსებულ მდგომარეობას.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად სადაზღვევო კომპანიების მიერ პოლისების გაძვირება მოულოდნელი არ ყოფილა დაზღვევის სფეროს სპეციალისტებისთვის. როგორც ”რეზონანსთან” საუბრისას საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის წარმომადგენელი გიორგი გიგოლაშვილი აცხადებს, ის სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც რეალურად ითვლიან ზარალს, ამის მიხედვით ანგარიშობენ პრემიასაც.

”სადაზღვევო კომპანიის მიერ პოლისების გაძვირების მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ლარის დევალვაცია. სამედიცინო დაწესებულება, რომელიც პრეპარატს ყიდულობს დოლარში ან ჰყავს უცხოელი სპეციალისტი, და მას ხელფასს დოლარის კურსის მიხედვით უხდის, რასაკვირველია, მოგების მარჟის შესანარჩუნებლად ზრდის ფასს. ადრე თუ ერთი ოპერაცია 1000 ლარი ჯდებოდა, ახლა 1150 ლარი გახდა. ეს გაძვირება, ბუნებრივია, პირდაპირ ამცირებს სადაზღვევო კომპანიის შემოსავალს და ის ფასის კორექტირებას იწყებს. სადაზღვევო კომპანია ფინანსური დაწესებულებაა და თუ დღეს თადარიგი არ დაიჭირა, პროგნოზი არასწორად გააკეთა, აღებული პრემია მომავალში არ ეყოფა, რათა გასცეს სათანადო სადაზღვევო თანხა. არცერთ ორგანიზაციას არ სიამოვნებს თავისი პროდუქციის გაძვირება იმიტომ, რომ რაც უფრო ძვირია, მით უფრო მცირდება გაყიდვა. ასეა თითქმის ყველა პროდუქტზე”,-განაცხადა გიგოლაშვილმა.

რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიების ფინანსურ მდგომარეობას, სტატისტიკური მონაცემებით, შარშან ბაზარზე მოქმედი თითქმის ყველა კომპანია მოგებაზე გავიდა. ოფიციალური მონაცემებით, წარუმატებელი 2013 წლის შემდეგ, ქართულმა სადაზღვევო ინდუსტრიამ 2014 წელი 40,3 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. წინა წელს ინდუსტრიის ზარალი 3,3 მილიონს შეადგენდა. ზარალიანი იყო ინდუსტრიისთვის 2011-13 წლები.

მოზრდილი პრემიების მაჩვენებლით შარშანდელი სადაზღვევო ბაზრის ლიდერი ”ჯიპიაი ჰოლდინგია” , რომელმაც 79 384 260 ლარის მიზიდვა შეძლო. მას მოსდევს ძველი ”ალდაგი” – 56 688 445 ლარის მაჩვენებლით და ”ახალი ალდაგი” – 36 839 619 ლარის მიზიდული პრემიით. მეოთხეზეა ”ირაო” – 28 115 988 ლარის პრემიით, მეხუთე კი ”არდი” – 23 282 166 ლარით.

მომდევნო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: ”აისი ჯგიფი”- 18 000 539, ” უნისონი” – 14 293 328, ”იმედი ელი” – 11 065 214, ”პსპ დაზღვევა” – 10 754 830, ”ალფა” – 8 523 610, ”ქართუ” – 5 831 746, ”სტანდარტ დაზღვევა” – 5 383 045, ”კოპენბური” – 2 291 958, ”ტაო” – 2 105 271, ”კამარა” – 80 653. ჯამში, კომპანიების მიერ მიზიდულმა პრემიამ 302 640 671 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო პროგრამების გათვალისწინების გარეშე მიზიდული პრემიის მიხედვით 2014 წლის მაჩვენებლით, ლიდერი ამ შემთხვევაშიც ”ჯიპიაია” – 77 116 854 ლარი, მეორეა ”ალდაგი” – 53 849 568, მესამე კი ”ახალი ალდაგი” – 36 839 619 მილიონი ლარის მიზიდული პრემიით, მეოთხეა ”ირაო” 28 115 988, მეხუთე კი ”არდი” 23 282 166 ლარის მაჩვენებლით.

2013 წელს, სახელმწიფო პროგრამების გარეშე, მიზიდული პრემიის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიების პირველი ხუთეული ასე გამოიყურებოდა: 1) ”ალდაგი” - 91, 509, 443-36 % , 2) ”ჯიპიაი ჰოლდინგი” – 58,469,356 – 23%, 3) არდი - 22,064,022 – 9%, 4) – ”ირაო” 20,305,792 – 8%, 5) ”აისი ჯგუფი” - 12, 591, 686 – 5%.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამები დასრულდა. შარშან დაზღვევის ბაზარზე კიდევ ერთი სიახლე მოხდა - სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი” გაიყო და შედეგად, ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაზე მუშაობს სადაზღვევო კომპანია ”იმედი ელი”, რაც შეეხება სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის ხაზს, ეს მიმართულება ”ალდაგმა” ჩაიბარა.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”