„აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა აბუ დაბის საინვესტიციო ფორუმზე ემირატელ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო უპირატესობები გააცნო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ დაბის საინვესტიციო ფორუმზე AIM2023 მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გამართა სხვადასხვა მსხვილ კომპანიებთან, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო, ბიზნეს და ეკონომიკური გარემო გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე.

სააგენტოს ინფორაციით, შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სექტორის ინვესტორთან, რომელთანაც განხილული იქნა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება, საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სასტუმროებისა და უძრავი ქონების კუთხით.

მიხეილ ხიდურელის განცხადებით, სააგენტო აქტიურად ცდილობს კიდევ უფრო განავითაროს საინვესტიციო ურთიერთობები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.

„იქიდან გამომდინარე, რომ არაბერთის გაერთიანებულ საამიროებთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ეკონომიკურად ჩვენ მუდმივად ვცდილობთთ, შევხვდეთ ჩვენს პარტნიორებს და განვიხილოთ სხვადასხვა პროექტები. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას მოიტანს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ძალიან მალე ახალი პროექტების დაანონსებას შევძლებთ საქართველოში“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

მისივე თქმით, მსგავსი ღონისძიებები კიდევ ერთხელ გააცნობს საერთაშორისო ინვესტორებს, თუ რამხელა უპირატესობები არის საქართველოში განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ დღეს ქვეყანაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს.

AIM-ის ფორუმი წელს მეთორმეტედ გაიმართა და მას 20 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.