უაქციზო საქონლის რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა  ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდეს და გაასაღეს ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, მოქალაქეები გოჩა ბუნიათოვი და გოდერძი გრიგალაშვილი დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თბილისის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდეს და გაასაღეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები: "ჯეიმსონი", "ჯეკ დენიელსი", "ჰენესი" და "ჩივას რეგალი".

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "გ" პუნქტით გრძელდება, რაც თავისუფლების 4-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.